აიისას საქმე

ალტ-ინფო ანანია გაჩეჩილაძის წინააღმდეგ თავდასხმას აორგანიზებს

​პუტინისტური მედია ალტ-ინფო ტელეგრამ არხზე აიისას დამფუძნებლის, ანანია გაჩეჩილაძის წინააღმდეგ თავდასხმას აორგანიზებს. ისინი არხზე ანანია გაჩეჩილაძის ადგილმდებარეობას ავრცელებენ და წევრებს მოწოდებებით მიმართავენ – "ბათუმელები ვინც ხართ, თქვენ იცით".

ანანია გაჩეჩილაძე ძალადობრივი ჯგუფების მოწოდებებს 5-6 ივლისის მოვლენების გაგრძელებად მიიჩნევს.

"ალტ-ინფოს ფეიჯს დავთაგავდი მაგრამ აღარ აქვთ. ესაა 5-6 ივლისის ძალადობის გაგრძელება და მანამდე დაწყებული 10-წლიანი ჯოჯოხეთის შედეგი.

სადმე არ შემხვდეთ მართლა, ლომი ვარ და ტურების ღრენის არ მეშინია. 2013 წლის 17 მაისის პერიოდის ფოტო რომ მოუძებნია, კი, 17 წლის არასრულწლოვანი ვიყავი მაშინ და, კი, ცისარტყელას გულსაკიდი მეკეთა". – წერს გაჩეჩილაძე.

ტაბულა ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის ღია მოწოდებასთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაცია არ აქვთ და დეტალებს დააზუსტებენ.


აიისამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ დავა მოიგო. გადაწყვეტილების მიხედვით, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება.

2018 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია აიისა 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აუკრძალა.

მოსამართლის აზრით, პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა. ამ გადაწყვეტილებით, ლაშა თავართქილაძემ თბილისის მერიის განცხადება დააკმაყოფილა და ანანია გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 159-ე მუხლით (რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა). მოგვიანებით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

კომენტარები