თვითმმართველობის არჩევნები 2021

ბოკერია: სერიოზულად ვუდგებით ამ პასუხისმგებლობას, ამიტომაც ვთვლით საჭიროდ კოორდინაციას

ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის აბსოლუტურად ნათელია და ნაბიჯ-ნაბიჯ გახდა კიდევ უფრო ნათელი მთელი ამ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რომ ივანიშვილის რეჟიმი უბრალოდ საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი პოლიტიკური გუნდი კი არ არის, ან ჩვენი, ევროპული საქართველოს ან სხვა ოპოზიციური პარტიების თუნდაც მწვავე ოპონენტი კი არ არის, არამედ ეს ადამიანი, მისი გარემოცვა, მისი რეჟიმი, მისი მოკავშირეები არიან მყისიერი საფრთხე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, საფრთხე ჩვენი ისტორიული შანსისთვის, რომ საბოლოოდ გავაღწიოთ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პუტინისტური ჭაობიდან და გავხდეთ ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა, სადაც ყველა მოქალაქეს აქვს თავისი თავისუფლების დაცვის შესაძლებლობა და ბედნიერებისკენ სწრაფვის შანსი. 

ეს არჩევანი ამაზე მკაფიო ვეღარ იქნება. ერთ მხარეს არის ძალადობა, სიძულვილი, ზიზღი, პუტინის თაყვანისცემა, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე უარის თქმა და მეორე მხარეს არის ჩვენი ისტორიული მისიის შესრულება, ქვეყანა, სადაც ყველას უნდა, რომ ერთმანეთის  თავისუფლებას პატივი სცეს. ამიტომ, ევროპული საქართველო, უკვე დიდი ხანია, წინა არჩევნებამდეც და ახლაც ვიყავით და ვართ ინიციატორები, რომ ამ ქვეყნისთვის უაღრესად საშიშ ვითარებაში ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულმა ძალებმა, ისეთებმა, რომლებიც ნორმალურ პირობებში მწვავე ოპონენტები უნდა ვიყოთ განსხვავებული ხედვების გამო, ვალდებული ვართ, ვითანამშრომლოთ და ამ კოორდინაციის მაგალითი იქნება და ახლა უკვე შემიძლია, ვთქვა, ნამდვილად, რომ იქნება გზავნილი ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, რომ დემოკრატიული ოპოზიცია სერიოზულად უდგება ამ პასუხისმგებლობას, რაც ჩვენ ყველას გვაქვს და სწორედ ამიტომ ახერხებს თანამშრომლობას და კოორდინირებას. 

ამ კონსულტაციების ერთი ეტაპი არის დასრულებული და ეს ეხება თბილისის თვითმმართველობას, სადაც ნიკა მელია, როგორც თბილისის მერი და ელენე ხოშტარია, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე და შემდეგ უკვე მაჟორიტარებზე შეჯერებული კანდიდატები იქნებიან ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერის მქონე. იმედი მაქვს, რომ სხვებიც შემოგვიერთდებიან. 

ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე ისაუბრა. 23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პროდასავლური ოპოზიციის დიდ ნაწილს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო კანდიდატები ეყოლებათ. თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კი - ელენე ხოშტარია. ამავდროულად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებს არ წარადგენს. შეთანხმებას უერთდება გირჩი - მეტი თავისუფლებაც, რომლის წევრიც თბილისის ვიცემერი იქნება. 

კომენტარები