რთველის სუბსიდირება

კაკაურიძე: რთველის სუბსიდირების პროგრამიდან გამოსვლას მომდევნო წელს დავიწყებთ

რაც შეეხება შეკითხვას, თუ რატომ რთველი, რატომ არა სხვა სფერო და როგორ ხდება პრიორიტეტების შერჩევა, რთველთან მიმართებაში - თუ გადავხედავთ ისტორიას, ვნახავთ, რომ დაახლოებით 2016 წლამდე საკმაოდ დიდი მოცულობით ხდებოდა დაფინანსება, 2017 წლიდან დაიწყო დაფინანსების შემცირება და 2019 წელს უკვე საერთოდ აღარ დაგვიფინანსებია რთველი, თუმცა, სამწუხაროდ, 2020 წელს მოხდა პანდემია და მოიტანა ის შედეგები, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღვინის ფასი, ყურძნის ფასი განახევრდა და, მოგეხსენებათ, რომ ეს არის ტურიზმთან მჭიდრო კავშირში მყოფი პროდუქტი. თუ ტურისტული მოძრაობა ქვეყნებს შორის არაა, მისი რეალიზებაც მინიმალურია, შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიაფდა ღვინო მსოფლიო ბაზარზე, რასაც ვერ ვიტყვით იმავე კარტოფილზე, მანდარინზე და სხვა პროდუქტებზე, ასეთი დიდი დარტყმა არცერთ სხვა პროდუქტს არ მიუღია, მათ შორის, თხილის ფასი ზოგიერთ პერიოდში გაზრდილიც იყო. შესაბამისად, რთველი დარჩა რისკის წინაშე, რომ, თუ სახელმწიფო არ ჩაერეოდა ამაში, ფერმერების დიდი რაოდენობა მივიდოდა იმ მდგომარეობამდე, რომ შეიძლებოდა სოციალურ პროგრამაშიც გადაზრდილიყო, ამიტომ გარკვეული ინიექცია ბიუჯეტიდან საჭირო გახდა.

მე დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც 2019 წელს გამოვედით ეტაპობრივად, მომდევნო წლიდან შეგვეძლება, რომ დავიწყოთ გამოსვლა, ვინაიდან ტურისტული ნაკადები შედარებით აღდგება მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომ, მომდევნო წელს მინიმუმ უნდა გავანახევროთ ის თანხა, რაც გვქონდა და შემდგომ წლებში საერთოდ გამოვიდეთ ამ პროგრამიდან, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ სუბსიდირება არ არის სწორი პოლიტიკა, თუმცა მოგვიწია.

თქვა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ. საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტის თანახმად, რთველის დაფინანსება მიმდინარე წელს 100 მილიონი ლარით გაიზრდება.

კომენტარები