რთველის სუბსიდირება

ღარიბაშვილი რთველის სუბსიდირებაში ბიუჯეტიდან 150 მილიონს იხდის

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას 2022 წელსაც გააგრძელებს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ სუბსიდირება ბიუჯეტს ჯამში 150 მილიონი ლარი დაუჯდება. მისივე თქმით, 1 კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება.

"წელსაც, რა თქმა უნდა, მოვახდენთ სუბსიდირებას.1 კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი იქნება მინიმუმ 90 თეთრი, არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი და სახელმწიფო მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს ჩვენს მევენახეებს. პროცესში ჩაერთვება 300-მდე ღვინის კომპანია. უკვე გვქონდა მათთან კარგი შეხვედრები, გვაქვს სრული კოორდინაცია, შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს და წელს ველოდებით რეკორდულ მოსავალს, დაახლოებით, 300 ათას ტონა მოსავალს და ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. ყველა გამოწვევის, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, წელსაც, რა თქმა უნდა, გაგრძელდება სუბსიდირება. 

ჯამურად, მთავრობას სუბსიდირება დაუჯდება 150 მილიონი ლარი. ვინაიდან ეს არის სტრატეგიული დარგი და ჩვენი ქვეყანა არის მეღვინეობის აკვანი და დადასტურებულია, რომ სწორედ ჩვენგან დაიწყო მეღვინეობა, ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია სწორი ჩარევა და სწორი დახმარება ჩვენი მევენახეებისთვის". – თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

რთველზე საუბრისას ღარიბაშვილმა წინა ხელისუფლება მევენახეებზე ზეწოლაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში მევენახეობა-მეღვინეობაში ჩართული კომპანიების რაოდენობა და მათი მოგება გაიზარდა.

"სწორედ ჩვენი მხრიდან სწორი ნაბიჯების გადადგმამ, ეფექტური და ხელშესახები ნაბიჯების გადადგმამ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. შედარებისთვის, გახსოვთ ალბათ, რომ 2012 წლამდე, არა თუ წახალისება არ იყო საერთოდ მევენახეობა-მეღვინეობის, არამედ, პირდაპირ მთავრობა იყო უხეშად ჩარეული და ჩვენს მევენახეებს სთხოვდნენ ვენახების გაჩეხვას და მეორე - ყურძნის არ ჩაბარებას, იქამდე მიჰყავდათ მდგომარეობა, რომ პრაქტიკულად აზრს კარგავდა ყურძნის ჩაბარება, იმდენად გართულებული იყო ზოგადად პროცესი და სიტუაცია, პირდაპირ ზეწოლის ქვეშ იყვნენ მევენახეები". – თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები