მე-10 მოწვევის პარლამენტი

ქადაგიშვილი დეკანოიძეს: ენმ-ის კაცები ქალებს წინ რომ გერეკებიან, ეგ არ არის დისკრიმინაცია?

საქართველოს პარლამენტში დაძაბულობა გრძელდება. ბიუროს სხდომაზე ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირიპისრდნენ. 

მმართველი გუნდის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ქალ დეპუტატებზე ძალადობაზე საუბრისას ენმ-ს წევრს, ხატია დეკანოიძეს მიმართა: 

"თქვენი ნაციონალური მოძრაობის კაცები ამ ქალებს რომ წინ გიშვებენ, ასე რომ გერეკებიან, ეგ არ არის დისკრიმინაცია?"

დეკანოიძემ თქვა, რომ ეს ყველაფერი "მძიმე მოსასმენია" და პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მიმართა: "ესაა თქვენი ახალი სტანდარტი?" რაზეც კუჭავამ უპასუხა, რომ "ეს არის სტანდარტი, რასაც ყველანი ამკვიდრებთ". 

"ქალბატონო ხატია, ახლა გეკითხებით თქვენ, ის, რომ ქალი ხართ, გაქვთ უფლება, შეაწყვეტინოთ სიტყვა? ხომ ყველა თანაბარი ვართ?"- მიმართა კუჭავამ დეკანოიძეს. 

პარლამენტში დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც შენობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ შეუშვეს.  ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თავმჯდომარეს მათი შემოშვება მოსთხოვეს, რაზეც კახა კუჭავამ უპასუხა, რომ დღეს უმნიშვნელოვანესი სხდომაა და ვერ დაუშვებენ, რომ ბიუჯეტის ცვლილებების განხილვა რამე მიზეზით ჩაიშალოს. 


18 ივლისს, პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ადგილიდან ენმ-ს წევრი, თინა ბოკუჩავა ძალის გამოყენებით გაიყვანა. 

პაპუაშვილი მომხდარს ძალადობას არ უწოდებს და წერს – "დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?"

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, 21 ივლისს ეთიკის კომიტეტში, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. 

18 ივლისს, პარლამენტში 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ. გომელაურს მოხსენება ოპოზიციის წევრებმა შეაწყვეტინეს და ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს. პარალელურად, ბანერი წარწერებით "დასაჯეთ მოძალადეები", "აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა" გადმოფინეს მედიის წარმომადგენლებმაც.  

მედიის პროტესტისა და იმის გამო, რომ ჟურნალისტები ბანერის ჩამოხსნას არ აპირებდნენ, გომელაურის მოსმენა გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, ასეთ რეჟიმში განხილვის გაგრძელება "არ ემსახურებოდა იმ მიზანს, რისთვისაც შეიკრიბნენ". 

საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის შენობასთანაც – სადაც მედიის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციის წევრები შეიკრიბნენ. აქციაზე ლელოს წევრები, გრიგოლ გეგელია და თამაზ დათუნაშვილი დააკავეს.

 

კომენტარები