გომელაურის მოსმენა პარლამენტში

ჟურნალისტების საპროტესტო ბანერის გამო, პარლამენტში გომელაურის მოსმენა გადაიდო

მედიის პროტესტის გამო, პარლამენტში შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა გადაიდო. 

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, ასეთ რეჟიმში განხილვის გაგრძელება "არ ემსახურება იმ მიზანს, რისთვისაც შეიკრიბნენ". 

"რაც დღეს ჩვენ ვიხილეთ, იყო მიზანმიმართულად დაორგანიზებული, რომ დღეს ეს სხდომა არ შემდგარიყო. შესვენების დროს მოვისმინე პოლიტიკური ჯგუფებისგან, რომ მათი მიზანი არ იყო დღეს სხდომის ჩატარება, რომ დაესვათ კითხვები და მოესმინათ პასუხები. მათ განახორციელეს პროტესტი, რისი უფლებაც ჰქონდათ, თუმცა სამწუხაროა, რომ როცა იყო მოთხოვნა, დავბრუნებულიყავით ჩვეულ რეჟიმში, ეს არ განხორციელდა და პროტესტი ეხლაც გრძელდება იმ ადგილიდან, საიდანაც ერთადერთი ვალდებულებაა გაშუქდეს სესიის სხდომა". – ამბობს კუჭავა. 

პარლამენტში, სადაც 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჟურნალისტებმა ბანერი გადმოფინეს წარწერით - "დაისაჯონ მოძალადეები". 

ვახტანგ გომელაურს ოპოზიციის წევრებმა მოხსენება შეაწყვეტინეს და ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოთი ბანერები გაშალეს.

დღეს, 18 ივლისს საკანონმდებლო ორგანოში 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. შენობაში "პროვოკაციების პრევენციის მიზნით" დაშვების შეზღუდული რეჟიმი მოქმედებს. პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, მათ სახელზე საშვი არის დაშვებული, თუმცა, პარლამენტში არ უშვებენ. 


ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს. მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები.  

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ შორის იყო ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. მას შემდეგ მედიის პროტესტი არ წყდება. მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ და სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ პროტესტს.  ისინი პრემიერმინისტრის გადადგომას და მოძალადეების დასჯას ითხოვენ.

კომენტარები