მე-10 მოწვევის პარლამენტი

პაპუაშვილი: დაბრალებებს არ ვიყოთ, რა ძალადობა? თინასთან ვწუხვარ

ქართული ოცნების დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი დღეს, 18 ივლისს მის მიერ პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას ადგილიდან ძალის გამოყენებით გაყვანას ეხმაურება. პაპუაშვილი მომხდარს ძალადობას არ უწოდებს.

"დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?

ძალადობა ის იყო, რასაც ნაციონალური მოძრაობის წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში.

ძალადობა სიმართლეზე, ძალადობა მორალზე, ძალადობა პარლამენტზე.

ისტერიამდე მისული დესტრუქცია, ტრიბუნის დაბლოკვა, მაგიდაზე ფეხით შემდგარი, სპიკერატისკენ გაქანებული და მანდატურთან მოჭიდავე დეპუტატები.

სირცხვილი, რომელსაც ვერ გრძნობენ.

თინასთან ვწუხვარ". – წერს პაპუაშვილი. 

დღეს, 18 ივლისს, პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ადგილიდან ენმ-ს წევრი, თინა ბოკუჩავა ძალის გამოყენებით გაიყვანა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ პარტია შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შესაჩერებლად ეთიკის საბჭოს მიმართავს

დღეს, 18 ივლისს, პარლამენტში 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ. გომელაურს მოხსენება ოპოზიციის წევრებმა შეაწყვეტინეს და ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს. პარალელურად, ბანერი წარწერებით "დასაჯეთ მოძალადეები", "აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა" გადმოფინეს მედიის წარმომადგენლებმაც.  

მედიის პროტესტისა და იმის გამო, რომ ჟურნალისტები ბანერის ჩამოხსნას არ აპირებდნენ, გომელაურის მოსმენა გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, ასეთ რეჟიმში განხილვის გაგრძელება "არ ემსახურებოდა იმ მიზანს, რისთვისაც შეიკრიბნენ". 

საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის შენობასთანაც – სადაც მედიის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციის წევრები შეიკრიბნენ. აქციაზე ლელოს წევრები, გრიგოლ გეგელია და თამაზ დათუნაშვილი დააკავეს.

კომენტარები