მე-10 მოწვევის პარლამენტი

ნაციონალურმა მოძრაობამ შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ ეთიკის კომიტეტში სარჩელი შეიტანა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნონა მამულაშვილმა ეთიკის კომიტეტში, ქართული ოცნების ლიდერის, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. საქმე ეხება პარლამენტში დეპუტატ პაპუაშვილის მიერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას ადგილიდან ძალით გაყვანას. 

"ერთადერთი გამოსავალი, ქართული ოცნების პირობებში, არის ეთიკის კომიტეტი, რომელიც ვალდებულია, განიხილოს ეს საგანი. რეალურად, გამოსაძიებელი არაფერი არ არის, პირდაპირ ეთერში ჩანდა, რაც მოხდა, ასეთი საქციელი პარლამენტში უნდა აღიკვეთოს. ქართული ოცნება ხელს უწყობს და ახალისებს მოძალადე ჯგუფებს, რომ იძალადონ მოქალაქეებზე ქუჩებში და ეს კულტურა შემოიტანეს ასევე პარლამენტში". –ამბობს მამულაშვილი. 

18 ივლისს, პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ადგილიდან ენმ-ს წევრი, თინა ბოკუჩავა ძალის გამოყენებით გაიყვანა. 

პაპუაშვილი მომხდარს ძალადობას არ უწოდებს და წერს – "დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?"

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ პარტია შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შესაჩერებლად ეთიკის საბჭოს მიმართავს

18 ივლისს, პარლამენტში 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ. გომელაურს მოხსენება ოპოზიციის წევრებმა შეაწყვეტინეს და ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს. პარალელურად, ბანერი წარწერებით "დასაჯეთ მოძალადეები", "აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა" გადმოფინეს მედიის წარმომადგენლებმაც.  

მედიის პროტესტისა და იმის გამო, რომ ჟურნალისტები ბანერის ჩამოხსნას არ აპირებდნენ, გომელაურის მოსმენა გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, ასეთ რეჟიმში განხილვის გაგრძელება "არ ემსახურებოდა იმ მიზანს, რისთვისაც შეიკრიბნენ". 

საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის შენობასთანაც – სადაც მედიის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციის წევრები შეიკრიბნენ. აქციაზე ლელოს წევრები, გრიგოლ გეგელია და თამაზ დათუნაშვილი დააკავეს.

კომენტარები