რუსეთი

პუტინს ახალი რუსული გამანადგურებელი წარუდგინეს, რომელიც ამერიკული F-35-ის ასლია

Sukhoi Checkmate 

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ავიაშოუზე რუსი ინჟინრების მიერ შექმნილი ახალი მეხუთე თაობის გამანადგურებელი, Sukhoi Checkmate წარუდგინეს, რომელიც ამერიკული Lockheed Martin F-35-ის პირდაპირი ასლი და კონკურენტია. 

F-35-ის მსგავსად, Checkmate-ი ერთ ძრავიანი, მრავალფუნქციური საბრძოლო გამანადგურებელია, რომელიც სტელს ტექნოლოგით იქნება აღჭურვილი და საიერიშო, სადაზვერვო თუ თავდაცვითი ტიპის მისიებში შეძლებს მონაწილეობას.  

ავიაშოუზე წარდგენილი მოდელი მხოლოდ პროტოტიპია და ის საჰაერო გამოცდისათვის ჯერაც არ არის მზად.

ოფიციალური ინფორმაციით, პირველი ფრენა 2023 წელსაა დაგეგმილი, ხოლო სერიულ წარმოებაში გაშვების თარიღი ჯერ უცნობია, სავარაუდოდ, ეს 2030 წლის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

შედარებისთვის, F-35-ის პირველი გაფრენა 2006 წელს შედგა, სერიული წარმოება კი 2015 წლიდან დაიწყო. მის კვლევასა და შექმნაზე კი 20 წელზე მეტი და თითქმის 2 ტრილიონი დოლარი დაიხარჯა. 

Checkmate-ის ტექნიკური მახასიათებლები ჯერაც უცნობია, თუმცა ექსტერიერსა და პროპორციებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ის F-35-ის დიზაინზეა დაფუძნებული. 

Sukhoi-ის წარმომადგენლის თქმით, გამანადგურებლის საბრძოლო რადიუსი 1 500 კილომეტრს მიაღწევს და ის თანამედროვე ტექნოლოგიითა და საბრძოლო იარაღებით იქნება აღჭურვილი.  

ეს რუსეთისა და ჩინეთის მიერ ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაკოპირების პირველი მცდელობა არ არის.

Sukhoi SU-57-ისა და ჩინური Chengdu J-20-ის დიზაინი F-22 Raptor-ზეა დაფუძნებული, თუმცა ისინი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან F-22-ის საბრძოლო შესაძლებლობებს. 

ჩინური Shenyang FC-31 და ახლა უკვე რუსული Sukhoi Checkmate-ი კი F-35-ის ასლებია. 

რუსული Sukhoi Checkmate, ამერიკული  Lockheed Martin F-35  და  ჩინური Shenyang FC-31
Sukhoi Checkmate

კომენტარები