ოლიმპიადა

რუსეთის ნიჩბოსანთა ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადიდან დოპინგის გამო მოხსნეს

პაველ სორინი, ნიკოლაი პიმენოვი, არტიომ კოსოვი, ნიკიტა მორგაჩევი
rowingrussia.ru

რუსეთის ნიჩბოსნობის ფედერაციამ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან თავისი გუნდი მოხსნა. გუნდის ორ წევრის ორგანიზმში, დოპინგზე შემოწმების დროს, მელდონიუმი, იგივე მილდრონატი აღმოჩნდა. ეს პრეპარატი სპორტსმენებს ეხმარება, ძლიერი დატვირთვების შემდეგ ძალები აღიდგნინონ. მისი გამოყენება 2016 წლიდანაა აკრძალული.

გასულ კვირას სპორტსმენები ნიკიტა მორგაჩოვი და პაველ სორინი ოლიმპიური გუნდიდან გარიცხეს. 18 ივლისს ნიჩბოსნების ანალიზების შედეგებმა აჩვენა, რომ მათ ორგანიზმში მელდონიუმი იყო.

მორგაჩოვთან და სორინთან ერთად შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ ნიკოლაი მიმენოვი და არტიომ კოსოვი. გარიცხული სპორტსმენების ჩანაცვლება ნიკიტა ესკინს და ალექსანდრ მატვეევს შეეძლოთ, თუმცა ნიჩბოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, რომ მათი ამჟამინდელი მომზადების დონე ოლიმპიურ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. შედეგად, რუსეთის გუნდი მთლიანად მოიხსნა ოლიმპიური თამაშებიდან.

ნიჩბოსნობის მსოფლიო ფედერაციამ რუსეთის ნაკრების შეჯიბრიდან მოხსნის შედეგად ოლიმპიადაში მონაწილეობა ლიტვის ნაკრებს შესთავაზა, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპზე რიგით რუსეთის შემდეგ გავიდა. საერთაშორისო ოლიმპირუმა კომიტეტმა "განსაკუთრებული შემთხვევის საფუძველზე" ერთი ნაკრების მეორეთი ჩანაცვლების უფლება გასცა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს იწყება და 8 აგვისტომდე გაგრძელდება. ოლიმპიადა 2020 წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.

აღსანიშნავია, რომ რუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე არა ეროვნული დროშით, არამედ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დროშით გამოდიან. რუსი ათლეტების გამარჯვების შემთხვევაში კი დაჯილდოების ცერემონიაზე რუსეთის ჰიმნის ნაცვლად ჩაიკოვსკის პირველი კონცერტის ფრაგმენტს დაუკრავენ. 2022 წლის დეკემბრამდე რუსეთი ფორმალურად ჩამოშორებულია ოლიმპიადას, რაც დოპინგის სკანდალთან არის დაკავშირებული.

კომენტარები