თელავი

თელავში კაცმა ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხმაურზე გამოსული 2 მეზობელი კი დაჭრა

ტაბულა

თელავში კაცმა ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კონფლიქტით გამოწვეულ ხმაურზე გამოსული ორი მეზობელი კი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაცი [2000 წელს დაბადებული გ.გ.] დაკავებულია.

ის ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნაცნობ ქალს [1989 წელს დაბადებულ მ.მ.-ს] ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კონფლიქტით გამოწვეული ხმაურის გამო, გ.გ.-ს შელაპარაკება მოუხდა მეზობლად მცხოვრებ ძმებთან [1999 წელს დაბადებულ თ.რ.-სთან და 2004 წელს დაბადებულ ნ.რ.-სთან], რომლებსაც ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ორივე დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ივნისში და ივლისში თელავში სასურსათო მაღაზიები გაქურდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ოჯახში ძალადობას და სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები