ვაქცინაცია

გაბუნია აცრის ცნობებზე: სხვას არავის უთქვამს, ეს რა მოგვეცით, უცხოეთში ვერ წაიკითხესო

თამარ გაბუნია

"ერთადერთი შემთხვევა გახდა ჩვენთვის ცნობილი სოციალური ქსელით, სხვა დანარჩენი ჩვენ არავინ არ დაგვბრუნებია და არ უთქვამს - რანაირი ცნობა მომეცით, ვერავინ ეს ვერ წაიკითხაო" - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, კინოკრიტიკოს გოგი გვახარიას გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, კანის კინოფესტივალის სისტემამ ასტრაზენეკათი ვაქცინაციის ქართული ცნობის QR კოდი ვერ წაიკითხა. 

თამარ გაბუნიამ TV იმედის ეთერში თქვა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა რამდენიმე ასეული QR-კოდიანი, ორენოვანი ცნობა გასცა მოგზაურებისთვის.

"არ ვიცი, რასთან იყო საქმე, ტექნიკური ხარვეზი თუ რაღაცა სხვა საინფორმაციო ტექნოლოგიების გაუმართაობა ან ჩვენი მხრიდან, ან მათი მხრიდან, ყოველ შემთხვევაში ამას მასობრივი ხასიათი არ ჰქონია. ჩვენ ისევ გავცემთ QR-კოდიან ცნობას მოგზაურებისთვის, სადაც არის ორენოვანი ტექსტიც მითითებული, რომ, როცა QR კოდი რაღაცა მიზეზის გამო ვერ ამოიცნობა, წაიკითხავენ ტექსტს. ჯერჯერობით ამ პროცედურას მივყვებით" - თქვა გაბუნიამ. 

საქართველო აცრილ მოქალაქეებს Covid-პასპორტებს ჯერ კიდევ აპრილ-მაისში ჰპირდებოდა. პასპორტი აღიარებული და ჩართული უნდა ყოფილიყო საერთაშორისო ქსელში.

კომენტარები