Covid-პასპორტები

გამყრელიძე: Covid-პასპორტებზე WHO-სთან და ესტონეთთან ერთად ვმუშაობთ, 2 კვირაში დასრულდება

NCDC

საქართველო Covid-პასპორტებს შემოიღებს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, IT სამსახური მუშაობას ორ კვირაში დაასრულებს.

"ვმუშაობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ევროკავშირის ერთერთ ქვეყანასთან, ესტონეთთან ერთად. ეს პასპორტი იქნება იმ პრინციპებზე აგებული, რაზეც ევროკავშირში გაცემული Covid-პასპორტი. იქნება აცრის სტატუსი, ვირუსის გადატანის ან არ გადატანის მონაცემები, ასევე PCR ტესტის პასუხი. თითქმის ბოლომდეა მისული ეს სამუშაო, თანხმდება სამინისტროსთან საკითხები,  მომავალ ორ კვირაში უნდა დასრულდეს.

დღეს უკვე გვყავს 2 887 სრულად, ორჯერადად აცრილი ადამიანი, რომლებმაც შეიძლება მოითხოვონ პასპორტი, ახლა ეს შეგვიძლია გავცეთ ბაზიდან ამობეჭდვით, მაგრამ რაზეც ვმუშაობთ, ეს იქნება, რასაც ჰქვია პასპორტი, თავისი QR კოდით". – ამბობს გამყრელიძე.

საქართველოში ამ ეტაპზე აცრა მხოლოდ 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს, სამედიცინო პერსონალს, დიალიზზე მყოფ პირებს და ორგანოგადანერგილ პაციენტებს შეუძლიათ. ვაქცინაცია ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინით მიმდინარეობს, თუმცა, ფაიზერის 14 000 ადამიანისთვის სამყოფი დოზები უკვე სრულდება. რაც შეეხება ასტრაზენეკას, ის მხოლოდ 55 წელს ზემოთ ადამიანებისთვის არის დაშვებული, თუმცა, 27 აპრილის სხდომაზე იმუნიზაციის საბჭო ასაკობრივ ჯგუფებზე მსჯელობას აპირებს.

ჩინურ ვაქცინაზე რეგისტრაცია კი, ხვალიდან გაიხსნება, ასევე 27 აპრილს გახდება ცნობილი - რომელ ჯგუფებს შეეძლება სინოფარმით აცრა. 

კომენტარები