პრაიდის კვირეული

დეკანოზი ანდრია დეკანოზ სპირიდონზე: დაბარებული იყო, სასტიკი საყვედური გამოვუცხადეთ

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც 5 ივლისს ორკებს პარლამენტთან ძალადობისკენ მოუწოდებდა, საპატრიარქოში დაიბარეს და "სასტიკი საყვედური" გამოუცხადეს.

"როგორც ნახეთ, ამ დღეს არცერთი პოლიტიკური პარტიის და საელჩოს წარმომადგენელი არ გვინახავს, ჟურნალისტს ეფარებოდეს, ვნახეთ მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც ეფარებოდნენ და იცავდნენ ჟურნალისტებს. სასულიერო პირი დაბარებული იყო და გამოვუცხადეთ სასტიკი საყვედური. მან საჯაროდ ჩაწერა და გაავრცელა შენდობის ვიდეო. მიიღო სასტიკი საყვედური, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ერთი რაიმე გადაცდომა გამოიწვევს მძიმე სასჯელს". – ამბობს ის.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტებს სთხოვს, აჩვენონ კადრები, სადაც სასულიერო პირების ან საპატრიარქოსთან დაკავშირებული ადამიანების პასუხისმგებლობა იკვეთება და, მისივე მტკიცებით, ზომებს აუცილებლად მიიღებენ. 

"არ ვამბობ, რომ რაიმე გამართლება აქვს იმ ძალადობას, საშინელებას, რაც ვნახეთ, ვერავინ ამას წინასწარ ვერ გათვლიდა და უბრალოდ, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე იქნებოდა ასეთი აგრესია. არ ვიცი, რით ავხსნა. სასულიერო პირებისგან რამე ძალადობრივი თუ გამოვლინდება, აუცილებლად მივიღებთ ზომებს. ერთ შემთხვევაში მივიღეთ, თუ იქნება, კიდევ მოგვაწოდეთ ინფორმაცია და აუცილებლად მივიღებთ ზომებს". – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე. 

5 ივლისს პარლამენტის წინ გამართულ კონტრაქციაზე დეკანოზი სპირიდონი ამბობდა: "არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ღმერთისთვის, იძალადოთ სიკვდილისთვის". 

10 ივლისს დეკანოზმა სპირიდონმა თქვა, რომ უმჯობესი იყო, ეთქვა - " იბრძოლეთ საქართველოსთვის, იბრძოლეთ დედაეკლესიის ერთგულებისთვის, იბრძოლეთ აღმაშენებლობისთვის, იბრძოლეთ დავითობისთვის, იბრძოლეთ გორგასლობისთვის, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ ღმერთმა".


6 ივლისს პარლამენტის წინ გაიმართა მდუმარე, მშვიდობიანი აქცია თავისუფლებისთვის. აქტივისტებმა 5 ივლისის ძალადობა გააპროტესტეს. აქციას შეუერთდნენ ევროპული საქართველოგირჩი - მეტი თავისუფლებამოძრაობა დროა და ლელო, ასევე, Tbilisi Pride. აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე LGBT დროშა აღმართეს და ფერადი კვამლი გაუშვეს. 

ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

5 ივლისს პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. მათ შორის იყო ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდიცვალა

თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმა სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე.

კომენტარები