პრაიდის კვირეული

თალაკვაძე: პარლამენტთან ჯვრის დადგმაზე შეწუხდით, ცარიელ კარავზე შეწუხებულები არ მახსოვხართ

"ამ კითხვას რომ მისვამთ, ვხვდები, შეწუხებული ხართ, რომ პარლამენტის წინ ვიღაცამ ჯვარი დადგა". - ასეთ პასუხს აძლევს პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტის კითხვას, აიღებენ თუ არა ჯვარს, რომელიც პარლამენტის წინ პუტინისტებმა აღმართეს. 

თალაკვაძე ჟურნალისტებს მოუწოდებს, ამ საკითხისგან სენსაციები არ შექმნან.

"ჯვრის დანახვაზე იძაბებით? თქვენ ხართ მედია, რომელმაც საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. თქვენ ამ კითხვას რომ მისვამთ, ვხვდები, შეწუხებული ხართ, რომ პარლამენტის წინ ვიღაცამ ჯვარი დადგა, მაგრამ წინა პერიოდში არ მახსოვხართ შეწუხებული, როცა თვეების განმავლობაში ცარიელი კარვები და სააკაშვილის დაბრუნების კომიკური ბანერი იდგა. მაშინ თქვენი პრეტენზიები არ მინახავს. ასე აღტკინებით და შეწუხებით მაშინაც რომ გეკითხათ, კარგი იქნებოდა.

არაფერი გაბედე - არ გაბედეს თამაში არ არის, მალე ნახავთ, რომ ნორმალურად, კანონმდებლობის ფარგლებში, გადაწყდება ყველა და პარლამენტის წინ ტერიტორია დაუბრუნდება ისეთ ფორმას, რომელსაც პარლამენტი იმსახურებს. აქედან სენსაციებს ნუ ქმნით. როგორც მოქალაქეები თუ უნდა შეწუხებულიყავით, უნდა შეწუხებულიყავით მაშინ, როცა ცარიელი კარვები იდგა და რამდენიმე ადამიანს ოპოზიცია სიცხეში აწამებდა ისე, რომ არანაირი პროტესტი იქ არ არსებობდა". - ამბობს თალაკვაძე.

ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. 

"ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას.

მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას, ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში". – წერია განცხადებაში.

კომენტარები