Wizzair-ი საქართველოში

ქვრივიშვილი: ჩვენი სწორი მენეჯმენტით მოვახერხეთ, რომ Wizzair-ი ქუთაისში დაბრუნდა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, Wizzair-ის ბაზა ქუთაისის აეროპორტში ხელისუფლების "სწორი მენეჯმენტით" დაბრუნდა. ამის შესახებ ქვრივიშვილმა რუსთავი ორის ეთერში თქვა.

"გვახსოვს, რამდენად მტკივნეული იყო თითოეული ჩვენგანისთვის, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, ბაზის გასვლა ქუთაისის აეროპორტიდან და, დიახ, სწორი მენეჯმენტით მოვახერხეთ ის, რომ, პანდემიის მიუხედავად, WizzAir-თან სწორი კომუნიკაციით და იმ მაღალი ხარისხის თანამშრომლობით, რომელიც ჩვენ გვაქვს, WizzAir-ის ბაზა რამდენიმე დღის წინ  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა“ - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

საქართველოს ხელისუფლებამ ცა მაშინ დაკეტა, როცა, ჯამში, კორონავირუსის 48 შემთხვევა იყო გამოვლენილი. 2019 წლის აგვისტომდე რეგულარული ფრენები არ აღდგენილა, მაშინ, როცა ევროპის ყველა ქვეყანამ საზღვრები გახსნა. აგვისტოში საქართველომ ევროპის მხოლოდ სამ ქალაქში დანიშნა რეგულარული ფრენა, ჯამში, თვეში დაახლოებით 20 რეისი. სულ თვეში 50-60 ფრენა სრულდებოდა, რასაც მმართველი გუნდი "გახსნილ საზღვრებს" უწოდებდა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის, საფრანგეთისა და ბალტიის ქვეყნების მოქალაქეებისა და მუდმივი რეზიდენტების გარდა, საქართველოში შემოსული მგზავრი სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გადიოდა.

Wizzair-ს საქართველოში ფრენები წელიწადზე მეტ ხანს ჰქონდა შეწყვეტილი. მაშინ, როცა ქვეყანა "მწვანე ზონაში" იყო, ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობა არ აძლევდა ფრენის უფლებას და აცხადებდა, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ იყო. ამის გამო, ავიაკომპანიამ ქვეყანაში ბაზა დროებით დახურა.

საქართველო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ფრენის უფლების მისაცემად მზად მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1 000-ს გადააჭარბა, ხოლო იმ ქვეყნებმა, სადაც საქართველოს მოქალაქეს უპირობოდ შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, "არააუცილებელი მიზნით" მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტა.

ავიაკომპანია Wizzair-მა ქუთაისი-რიგის რეისები 2019 წლის ოქტომბერში რამდენიმე კვირით განაახლა, ხოლო დორტმუნდის მიმართულებით, მხოლოდ 3 რეისი შეასრულა საახალწლო პერიოდში.

Wizzair-მა საქართველოში ფრენები 2021 წლის 18 აპრილს განაახლა - ვარშავის და ვილნიუსის მიმართულებით, მაისიდან - რიგის, დორტმუნდის, კატოვიცეს და გდანსკის რეისები დაემატა, ივნისიდან კი - ვროცლავი და ბუდაპეშტი. 1-ელი ივლისიდან ქუთაისის აეროპორტში Wizzair-ბაზა დაბრუნდა და ფრენები განახლდა კიდევ ექვსი მიმართულებით - მილანი, ათენი, პრაღა, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი.

რაც შეეხება Ryanair-ს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ნოემბრიდან მილანის მიმართულებით ფრენის უფლება მისცა, ავიაკომპანიას რეისები არ განუახლებია. მეტიც, რამდენიმე თვეა, ავიაკომპანიის ბაზაში საქართველოს მიმართულებით არც ერთი რეისი არ იძებნება. თბილისი-მილანი, თბილისი-კიოლნი, ქუთაისი-ბოლონია და ქუთაისი-მარსელი - ამ ფრენებს ასრულებდა Ryanair-ი პანდემიამდე. ტაბულას ავიაკომპანიაში დაუდასტურეს, რომ კომერციული მიზეზების გამო, 2021 წელს საქართველოში ფრენებს არ განაახლებენ.

კომენტარები