კორონავირუსი საქართველოში

კლინიკის დირექტორი: სპეციფიკური PCR ტესტით ერთ ჩვილს Delta შტამი აქვს, მეორეს – ბრიტანული

ციციშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე მყოფი სამი კოვიდინფიცირებული ჩვილის კვლევის ნიმუშებს სწავლობენ. პირველადი მონაცემებით, სპეციფიკური PCR ტესტით ერთ მათგანს კორონავირუსის ინდური, ხოლო მეორეს - დელტა შტამი აქვს. მესამე ბავშვის პასუხი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. საბოლოო პასუხის მისაღებად ექიმები სეკვენირების შედეგს ელოდებიან. სამივე ინფიცირებული ორ თვემდე ასაკის ჩვილია. მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის თქმით, "აქამდე მსგავსი შემთხვევა, როდესაც აპარატზე გადაყვანა მოგვიწია, ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი ახალშობილი და მცირე ასაკის ბავშვები არ გვყოლია". რეხვიაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში ამბობს, რომ ერთ-ერთი ჩვილი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი, სწორედ ამიტომ გაუჩნდათ ეჭვი ინდურ შტამზე.

"შესაბამისად, ჩაერთო ამ სიტუაციაში საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გავგზავნეთ ნიმუში. სპეციფიკური PCR კვლევით დელტა შტამი დადასტურებულია, თუმცა სეკვენირება გაკეთებული არ არის.   

კორონავირუსი დადასტურებულია ერთმნიშვნელოვნად, უბრალოდ, რომელი შტამია, ამის გასარკვევად გვაქვს გაგზავნილი კვლევაზე ნიმუში. პირველადი პასუხი სპეციფიკური PCR ტესტირებით დადგინდა, რომ ერთ პაციენტთან, აფხაზეთიდან გადმოყვანილ ჩვილთან არის დელტა ვირუსი, ხოლო მეორე პაციენტთან - ბრიტანული შტამია, მაგრამ საბოლოო პასუხი მიიღება სეკვენირებით და ამას სჭირდება დრო," - ამბობს დავით რეხვიაშვილი. მანვე აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით პასუხი არ შეიცვლება, რადგან სპეციფიკური PCR ტესტი მაღალი სანდოობით გამოირჩევა.

დავით რეხვიაშვილის თქმით, სამი ახალშობილი კლინიკაში რესპირაციული გართულებებით შეიყვანეს.

"რესპირაციული დისტრესი იყო გამოხატული, სუნთქვა იყო გაძნელებული და შესაბამისად, სატურაცია, სისხლის ჟანგბადით მომარაგება იყო დარღვეული. მთავარი განმაპირობებელი არის ეს, რის გამოც არიან ეს პაციენტები ხელოვნური სუნთქვის აპარატზე" - თქვა ციციშვილის კლინიკის დირექტორმა.

8 ივლისის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 31 229 ტესტი ჩატარდა, დადასტურდა ინფიცირების 1 043 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 841 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია – 3.34%, ბოლო 14 დღის - 3.27%, ბოლო 7 დღის - 3.72%.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 11 198 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 3 139 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 906 პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება, ხოლო 7153 პირი – ბინაზე.

მძიმე პაციენტია 672 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 170 პაციენტი. 

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 373 728 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 357 090 გამოჯანმრთელდა, 5 415 გარდაიცვალა.

კომენტარები