კორონავირუსი საქართველოში

ციციშვილის კლინიკაში COVID 19-ით ინფიცირებული ერთ წლამდე 3 ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთ წლამდე 3 ბავშვი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. როგორც ტაბულას იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ სატელეფონო საუბრისას უთხრა, ბავშვების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

"სამი ბავშვია კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსის დიაგნოზით, სამივე მათგანი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იმყოფება, მათი მდგომარეობა მძიმეა". – ამბობს ივანე ჩხაიძე ტაბულასთან საუბარში.

ციციშვილის წარმომადგენლის ინფორმაციით,  ერთ-ერთ ჩვილს ინდური შტამი დაუდასტურდა. 

8 ივლისის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 31 229 ტესტი ჩატარდა, დადასტურდა ინფიცირების 1 043 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 841 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია – 3.34%, ბოლო 14 დღის - 3.27%, ბოლო 7 დღის - 3.72%.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 11 198 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 3 139 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 906 პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება, ხოლო 7153 პირი – ბინაზე.

მძიმე პაციენტია 672 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 170 პაციენტი. 

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 373 728 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 357 090 გამოჯანმრთელდა, 5 415 გარდაიცვალა.

კომენტარები