პრაიდის კვირეული

საპატრიარქო წახალისებული ძალადობის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ციტირებს

ტაბულა

საქართველოს საპატრიარქო თავისივე წახალისებული ძალადობის შემდეგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ციტირებს და დღეს, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას თბილისი პრაიდს აკისრებს.

საპატრიარქოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში "არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდაა" და მოსახლეობასა და მომავალ თაობაზე მორალური, ფსიქოლოგიური და იდეოლოგიური ძალადობის ნიშნებს შეიცავდა. აქვე ნათქვამია, რომ არის მცდელობა, ეკლესია პრობლემათა ესკალაციაში დაადანაშაულონ, რაც  საპატრიარქოს მტკიცებით სიმართლეს არ  შეესაბამება, – "ჩვენი მიზანი შეძლებისდაგვარად ღვთისა და ხალხის მსახურებაა". 

საპატრიარქოში ამბობენ, რომ მათ "სათანადო რეაგირება" ექნებათ ძალადობისკენ წამქეზებელ სასულიერო პირთა მიმართ, "თუკი ასეთები არსებობენ".

იხილეთ ვიდეო:

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საპატრიარქო წუხს ჟურნალისტების დაშავების გამო და ისინი "ლოცულობენ მათთვის".

"რუსთაველის გამზირზე დღეს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა, მათ შორის, საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა დიდი ნაწილის მიერ, რომელშიც ისინი გმობენ ძალადობას და ჩვენგანაც ითხოვენ რეაგირებას.

საქართველოს საპატრიარქო, რა თქმა უნდა, დიდად წუხს, რომ დაშავდნენ ადამიანები, ყველაზე მეტად კი,- ჟურნალისტები. ეს ფრიად სამწუხარო ფაქტია. ჩვენ ვლოცულობთ მათთვის და ვიმედოვნებთ, რომ მალე გამოჯანმრთელდებიან.

მშვიდობისაკენ მომწოდებელი განცხადებები ჩვენ ადრეც და დღესაც გავავრცელეთ და მიგვაჩნია, რომ ძალადობა მიუღებელია და დასაგმობი, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი; ამიტომაც სათანადო რეაგირება გვექნება ძალადობისკენ წამქეზებელ სასულიერო პირთა მიმართაც, თუკი ასეთები არსებობენ.

არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ რუსთაველზე მყოფთა შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ავლენდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.  

თუმცა გვინდა ვთქვათ შემდეგიც: 5 ივლისს დაგეგმილი პრაიდი იყო არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა და შეიცავდა ჩვენს მოსახლეობასა და მომავალ თაობაზე მორალური, ფსიქოლოგიური და იდეოლოგიური ძალადობის ნიშნებს, რაც თავისთავად აუცილებლად გამოიწვევდა მკვეთრ რეაგირებას.

ამის შესახებ ვაფრთხილებდით საელჩოებს და ვთხოვდით, თავი შეეკავებინათ აქციის მხარდაჭერისაგან, რათა ქვეყნისთვის აეცილებინათ მოსალოდნელი შფოთი და დაპირისპირება.

სამწუხაროდ, როგორც ჩვენი, ისე ხალხის აზრი უგულებელყოფილ იქნა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ვკითხულობთ:

1. ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, გააჩნდეს საკუთარი შეხედულება, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია ან იდეები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად... 

2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ისინი განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად..." – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ღირსების მარში დღეს, 5 ივლისს, ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე დაუსჯელად იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამხალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია – ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებზე მიმართეს. ჯამში დაშავდა 40-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ კეტი რამდენჯერმე ჩაარტყა

მოგვიანებით დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც თვეებია, ოპოზიციის მხარდამჭერები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და კარვებში ცხოვრობენ. პუტინისტურმა ჯგუფებმა კარვები დაარბიეს, დახიეს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები და მათ ადგილას ჯვარი აღმართეს.

გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრიარქოს გზავნილებისა, პუტინისტურმა ჯგუფებმა მწვანე შუქი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანაც მიიღეს, რომელმაც თქვა, რომ პრაიდ კვირეულის ორგანიზატორების უკან "რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით" და რომ "ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას". 

სახალხო დამცველის შეფასებით, "ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა". 

პრემიერმინისტრს შეთქმულების თეორიის გავრცელებაში არც ირაკლი კობახიძე ჩამორჩა და თქვა, რომ "პრაიდის მიზანი უმცირესობის დაცვა არ ყოფილა და მის უკან პოლიტიკური ინტერესები იდგა". 

საღამოს საერთო განცხადება გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებმა. 

"ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას.

მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას, ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში". – წერია განცხადებაში. 

კომენტარები