პრაიდის კვირეული

შსს: უარი თქვით პრაიდის მარშის საჯარო სივრცეში გამართვაზე

ტაბულა

შინაგანს საქმეთა სამინისტრო თბილისი პრაიდის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს, უარი თქვან პრაიდის დასკვნითი ღონისძიების – ღირსების მარშის საჯარო სივრცეში გამართვაზე.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ "თბილისი პრაიდის" დასკვნითი ღონისძიების ჩატარება, ღონისძიებაში ჩართული პირების უსაფრთხოებისთვის რისკების შემცველია. აღნიშნული რისკების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, არაერთხელ განემარტათ ღონისძიების ორგანიზატორებს.

კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებთ "თბილისი პრაიდის" მონაწილეებს, რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე". – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, პუტინისტური ჯგუფების მიერ ღირსების მარშის საწინააღმდეგო აქციაზე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლისა და ძალადობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე, 126-ე მუხლებით დაიწყო.

დღეს, 5 ივნისს ღირსების მარშის კონტრაქციის მონაწილეებმა, პუტინისტურმა ჯგუფებმა, პარლამენტთან ოპოზიციის კარვები დაარბიეს. პუტინისტურმა ჯგუფებმა, მოძრაობა სირცხვილიას ოფისს ალყა შემოარტყეს, ჩალეწილია შენობის მინები.

ძალადობრივი ჯგუფები თავს ესხმიან ჟურნალისტებს, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. პუტინისტურმა ჯგუფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტაბულას ჟურნალისტსაც

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პუტინისტური ჯგუფის წევრებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დროშის მაგივრად ჯვარი აღმართეს.

პუტინისტური ჯგუფები, რომლებიც ღირსების მარშის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, დღეს, 5 ივლისს ქაშუეთის ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ. ისინი 13:00 და 17:00 საათზე პარაკლისის გამართვას აპირებენ. ღირსების მარშის კონტრაქციაზე საპატრიარქოს ბავშვებიც გამოჰყავს.

ამასთან ერთად,  საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა ელჩების მხარდაჭერას სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების მიმართ. საპატრიარქო ამას სასულიერო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევად აფასებს და წერს, რომ ეს მიუღებელია.


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში ჩატარდება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან. პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან. ასევე, 3 ივლისს, ამსტერდამის მერმა კახა კალაძეს მოუწოდა, პრაიდის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

კომენტარები