პრაიდის კვირეული

დეკანოზი ილია პუტინისტებზე: რაც გუშინ ვნახეთ, ქრისტიანობა არაა, სიველურეა

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე პუტინისტურ ჯგუფებზე, რომლებიც გუშინ, 1-ელ ივლისს პრაიდის ღონისძიების ჩაშლას ცდილობდნენ, წერს, რომ ყველა მორწმუნეს და ტრადიციონალისტს აქვს უფლება, მშვიდობიანი და ლოცვითი აქციით გააპროტესტოს პრაიდი და პრაიდის იდეები, თუმცა, რაც ვიხილეთ, "ეს არაა ქრისტიანობა და სულიერება, ესაა სიველურე და სამართლის დარღვევა".

დეკანოზი ილია წერს, რომ საქართველოში ძალადობრივი ჰომოფობია "ერთხელ და სამუდამოდ" უნდა დასრულდეს და აზრისა და სიტყვის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება ყველას უნდა მიეცეს.

"იყო დრო, როდესაც მეც ისევე ვფიქრობდი, როგორც ეს ქსენოფობიური ჯგუფები და მიმაჩნდა, რომ პრაიდის მოწყობა ქვეყნის და ერის დაქცევას უდრის, მაგრამ დღეს ვაანალიზებ, რომ ასეთი მიდგომა არის უკიდურესად პრიმიტიული და უაზრო რამ: გამოხატვის მშვიდობიანი ფორმები არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს ტრადიციული ფასეულობებისათვის და ქრისტიანობისათვის, ყველა მიმდინარეობას აქვს ქადაგების და პროპაგანდის სამართლებრივი უფლება, თუ კონკრეტული რამ კანონით აკრძალული არაა.    ქრისტე თავის ფასეულობებს ქადაგებით ავრცელებდა და არა ძალადობით ან ვინმეს რეპრესირებით. შეუძლებელია, პრაიდის გამო ვინმე ჰომოსექსუალი გახდეს. მოწოდებები რომ "ლგბტები პრაიდით შვილებს გვიპიდარასტებენ" არის უკიდურესად პრიმიტიული გონებაჩლუნგობა, რაც მხოლოდ საკუთარ მორალურ სიმხდალეს და არამდგრადობას ავლენს და შეურაცხყოფას აყენებს საკუთარ და სხვის შვილებს. ვერავინ ვერ "გააპიდარასტებს" ჩვენს შვილებს, თუ ეს მათი პირადი სურვილი და არჩევანი არაა, ეს უნდა შეუშვას ტვინში ყველამ და გააანალიზოს. ვერც ძალით აიძულებს ვერავინ შვილს ჰეტეროსექსუალობას, ესეც უნდა გაიაზროთ და გამოხვიდეთ პუტინისტური იდეოლოგიზებული მარგინალური პოლიტიკური ჯგუფების ტვინების რეცხვის გავლენებიდან.

პავლე მოციქულის თანახმად, ქრისტიანობისათვის ჰომოსექსუალობა არის ცოდვა, ისევე როგორც მრუშობა, სიძვა, მემთვრალეობა, მკვლელობა, ქურდობა, ტყუილი და სხვა, მაგრამ პირველი ქვა მან ესროლოს ცოდვილს, ვინც უცოდველიაო, ბრძანებს უფალი იესო ქრისტე, საქართველოში კი, ჩანს, უცოდველი ფსევდომორალისტი პუტინისტები ბლომად გვყავს, ვინც ქვას, კვერცხს და სხვა ყველაფერს, რაც ხელში მოხვდება, ისვრიან. არაა მარტო საკმარისი ხელისუფლების მიერ მოძალადის ადგილზე დაკავება, აუცილებელია ძალადობის მკვებავი იდეოლოგიური და ფინანსური არხების უვნებელყოფა და ჩახშობა. სხვანაირად კრემლის გავლენებისგან თავისუფალი, მშვიდობიანი, ზნეობრივი და სამართლებრივი საზოგადოება - სახელმწიფო ვერ გვექნება საქართველოში". - წერს დეკანოზი ილია. 

პუტინისტური ჯგუფების ფიზიკური წინააღმდეგობის მიუხედავად, PRIDE-კვირეულის პირველი ღონისძიება 1-ელ ივნისს მაინც გაიმართა. ფილმის დახურულ ჩვენებაზე დიდი ბრიტანეთის და გერმანიის ელჩებიც მივიდნენ, ასევე, სხვა საელჩოების წარმომადგენლები. 

ღონისძიების დაწყებამდე, პუტინისტურმა ძალადობრივმა ჯგუფებმა თბილისი პრაიდის მონაწილეებს კვერცხები, ქვები და ბოთლები ესროლეს. მათ გზის გადაკეტვაც სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. პირველი დაპირისპირებისას, ადმინისტრაციული წესით დააკავეს 12 ადამიანი, მათ შორის, ალტ-ინფოს წამყვანი, ზურა მახარაძე. 

ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა კინოჩვენების დასრულების შემდეგაც - პუტინისტური ჯგუფები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ და ბოთლები ესროლეს, სამართალდამცველებმა შემდეგ კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. 

ჯამში, შსს-მ ძალადობრივი ჯგუფის 23 წევრი დააკავა. მათგან 20 დღეს, 2 ივლისს ხელწერილით გაათავისუფლეს


პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით საქართველოში იმართება პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში გაიმართება. 

პუტინისტური ჯგუფები ღირსების მარშის ჩაშლით იმუქრებიან.  პოლიტიკური მოძრაობა ერის ლიდერი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის პრაიდის გამართვას არ დაუშვებს.

28 ივნისს, თბილისში დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელის, თანასწორობის კომისარ ჰელენა დალის და საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს მიმართეს და გომელაურს მოუწოდეს, დაცული იყოს ლგბტქ ადამიანების გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და უსაფრთხოება.  

29 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებაა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყანას აარიდოს "დესტაბილიზაცია", "საზოგადოებრივ ცხოვრებას - გარდაუვალი შფოთი". საპატრიარქო ამტკიცებს, რომ პრაიდის კვირეული "მძიმე ცოდვის ლეგალიზებას" ისახავს მიზნად და საელჩოებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ Tbilisi Pride-ის მხარდაჭერისგან. 

30 ივნისს, საელჩოებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, პრაიდის კვირეულზე შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვან.

კომენტარები