მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

პირველი მილიარდერი კოსმოსში – ჯეფ ბეზოსს, სავარაუდოდ, რიჩარდ ბრანსონი დაასწრებს 

ჯეფ ბეზოსი [Blue Origin], რიჩარდ ბრანსონი [Virgin Galactic], ილონ მასკი [SpaceX]

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის კონკურენცია 2021 წელს დედამიწის ფარგლებს გასცდება, რადგან რამდენიმე მათგანი საკუთარი ხომალდით კოსმოსში გაფრენას ცდილობს

Amazon-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჯეფ ბეზოსის გეგმის თანახმად, 20 ივლისს ის უნდა გამხდარიყო მსოფლიოს პირველი მილიარდერი მეწარმე, რომელიც დედამიწის ორბიტას დატოვებდა საკუთარი ხომალდით Blue Origin. 

ბეზოსის ამბიციური გეგმა, შესაძლოა, ვერ შესრულდეს, რადგან მისმა ერთ-ერთმა კონკურენტმა, Virgin Galactic-ის დამფუძნებელმა და მილიარდერმა, რიჩარდ ბრანსონმა თქვა, რომ მისი ხომალდი გასაფრენად უკვე მზად არის და ის 11 ივლისს, ბეზოსამდე 9 დღით ადრე, გეგმავს დედამიწის დატოვებას. 

იმ შემთხვევაში, თუ Virgin Galactic-ის Unity 22 მისია წარმატებული აღმოჩნდება, ბრანსონი გახდება პირველი მილიარდერი, რომელიც კოსმოსში გაფრინდება. 

"მე ყოველთვის მეოცნებე ვიყავი. დედამ მასწავლა, რომ არასოდეს დავნებებულიყავი და ვარსკვლავებს მივწვდომოდი. 11 ივლისს, დროა, Virgin Galactic-ის ხომალდის ბორტზე ეს ოცნება რეალობად იქცეს". – თქვა ბრანსონმა. 

კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, Unity 22 მისიის გაშვება 2021 წლის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა ბრანსონის დაჟინებული მოთხოვნითა და სურვილით, დაესწრო ჯეფ ბეზოსისთვის, დარჩენილი სამუშაოები დაჩქარებული წესით შესრულდა და კოსმოსში გაშვების თარიღმა რამდენიმე თვით გადმოიწია. 

Blue Origin-ისა და Virgin Galactic-ის მთავარი მიზანი კოსმოსში კომერციული ფრენებისა და ტურისტული სექტორის განვითარებაა. 

Bloomberg-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ჯეფ ბეზოსი 199 მილიარდი დოლარით პირველ ადგილს იკავებს, ხოლო რიჩარდ ბრანსონი $7.4 მილიარდით – 380-ე ადგილს. 


კოსმოსში გაფრენის სურვილი SpaceX-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმაც გამოთქვა, თუმცა არა უახლოეს მომავალში. 

შეგახსენებთ, რომ ბეზოსისა და მასკის ქიშპობა მხოლოდ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის წოდებისთვის კონკურენცია არ არის. ორივე მილიარდერი კოსმოსურ რბოლაში გამარჯვებასაც ცდილობს.


2021 წლის მაისში ჯეფ ბეზოსმა Amazon-ის 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდა

Bloomberg-ის ინფორმაციით, საფონდო ბირჟიდან მიღებულ თანხის უდიდეს ნაწილს ბეზოსი თავის მეორე კომპანიას, Blue Origin-ს მოახმარს, რომელიც ილონ მასკის SpaceX-ის უმთავრესი კონკურენტია.

Blue Origin-ის დაფინანსების მიზნით, 2020 წელს ბეზოსმა თითქმის 10 მილიარდი დოლარის აქციები გაყიდა. 

2021 წლის ზაფხულში Blue Origin პირველად გაუშვებს ასტრონავტების გუნდს კოსმოსში. მისიის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ინვესტორებისა და კონტრაქტორების ინტერესი კომპანიისადმი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

კომენტარები