კორონავირუსი რუსეთში

რუსეთში, მესამე დღეა, კორონავირუსისგან რეკორდული რაოდენობის ადამიანი იღუპება

Getty Images

მესამე დღეა, რუსეთში კორონავირუსისგან რეკორდული რაოდენობის ადამიანი იღუპება. ბოლო 24 საათში ინფექციით 672 ადამიანი გარდაიცვალა. სამი დღე ზედიზედ ქვეყანაში კორონავირუსის სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი დასტურდება.

პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 135 886 ადამიანი გარდაიცვალა. პირველი ივნისის მონაცემებით დადასტურდა ინფიცირების ახალი 23 543 შემთხვევა. მთლიანად ინფიცირებულთა რაოდენობა 5 538 142-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 5 017 321 ადამიანი.

ივნისის დასაწყისიდან ქვეყანაში კორონავირუსის დელტა (ინდური) ვარიანტით ინფიცირების რაოდენობა მკვეთრად იზრდება, რის ფონზეც რუსეთის რამდენიმე რეგიონში ადამიანების გარკვეული კატეგორიისთვის, ძირითადად მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისთვის, სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღეს.

პირველი ივლისიდან მოსკოვში კორონავირუსზე განმეორებითი ვაქცინაცია დაიწყო. ბოლო მონაცემებით რუსეთში კორონავირუსის ვაქცინის ერთი დოზით მაინც 15.8% არის აცრილი, სრულად ვაქცინირებულია 11.92%.

აღსანიშნავია, რომ The Washington Post-ის ცნობით, მოსკოვში შავ ბაზარზე Covid-19-ზე ვაქცინაციის ყალბ ცნობებს ყიდიან. 

მას შემდეგ, რაც მოსკოვის მერმა გამოაცხადა, რომ ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის - ძირითადად მომსახურების სფეროს თანამშრომლებისთვის - კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება სავალდებულოა, თაღლითებმა მალევე მონახეს ამ შემთხვევით სარგებლობის შესაძლებლობა. მოსკოვის თვითმმართველობის განკარგულებით, საზოგადოებასთან მომსახურების სექტორის 60% მაინც უნდა აიცრას. 

კომენტარები