COVID-19-ზე ვაქცინაცია

აცრის ცნობა $25-ად – მოსკოვში COVID-19-ზე აცრის ყალბ ცნობებს შავ ბაზარზე ყიდიან

The Washington Post-ის ცნობით, მოსკოვში შავ ბაზარზე Covid-19-ზე ვაქცინაციის ყალბ ცნობებს ყიდიან. 

მას შემდეგ, რაც მოსკოვის მერმა გამოაცხადა, რომ ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის - ძირითადად მომსახურების სფეროს თანამშრომლებისთვის - კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება სავალდებულოა, თაღლითებმა მალევე მონახეს ამ შემთხვევით სარგებლობის შესაძლებლობა. მოსკოვის თვითმმართველობის განკარგულებით, საზოგადოებასთან მომსახურების სექტორის 60% მაინც უნდა აიცრას. 

ადამიანებისთვის ვაქცინაციის ყალბი ცნობის შეთავაზება სოციალურ ქსელებში ხდება. გამოცემა Washington Post-ს მომსახურების სფეროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ბარმენმა ანონიმურად მიაწოდა საკუთარი Instagram მიმოწერის ამსახველი მასალა. მასალაში ჩანდა, რომ ბარმენს ვაქცინაციის ყალბ ცნობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე მალევე უპასუხეს. მას თაღლითებისთვის მხოლოდ პირადი ინფორმაციის მიწოდება და დაახლოებით $25-ის გადახდა სჭირდებოდა, რათა მისთვის ყალბი ცნობა დაემზადებინათ. Forbes-ის რუსული გამოცემის მიხედვით, ივნისის პირველ ორ კვირაში დააფიქსირეს 500 ვებგვერდი, სადაც ვაქცინაციის ყალბ ცნობებს ყიდდნენ. მათი შეთავაზება ხდებოდა სოციალურ ქსელ Telegram-ის არხებზეც და, ასევე, არალეგალურ ინტერნეტ სავაჭრო პლატფორმა Dark Web-ზე.

მოსკოვსა და, ზოგადად, რუსეთში ვაქცინაციაზე მკაცრი წესებია. ახალი რეგულაციებით ბარებსა და რესტორნებში დაშვება მხოლოდ ვაქცინაციის ცნობის QR კოდით ან, მაქსიმუმ, სამი დღით ადრე  გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენით არის შესაძლებელი. მკაცრი რეგულაციებისა და ადგილობრივი წარმოების ვაქცინების მიუხედავად, რუსეთის მცხოვრებლები ვაქცინებს არ ენდობიან და აცრაზე ყოყმანობენ. მოსკოვში აცრილია მოსახლეობის მხოლოდ 15%. მთელს რუსეთში კი აცრილთა რაოდენობა 11.5%-ზე დაბალია და ევროპაში ვაქცინაციის ტემპით, ჩრდილოეთ მაკედონიის შემდეგ, ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. შედარებისთვის, ამ დროისთვის აშშ-ს მოსახლეობის 45% სრულად არის ვაქცინირებული. 

მთელ ამ სურათს კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ მოსკოვში ყველაზე მეტად გავრცელებული კოვიდ შტამი დელტა ვარიანტი, ე.წ. ინდური შტამია, რომელიც სხვა ვარიანტებთან შედარებით, უფრო მარტივად გადამდებია. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, მოსკოვში Covid-19-ის შემთხვევების 90% დელტა ვარიანტია. 12 მილიონი მოსახლეობის ქალაქში ბოლო ხანებია, რაც დღიურ ინფიცირებულთა რიცხვი დაახლოებით 8 500 ადამიანია. 

თაღლითების საწინააღმდეგოდ, მოსკოვმა სცადა ცნობის QR კოდების დანერგვის სისტემა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მაღალი ფასის გადახდის შემთხვევაში, მსგავსი ცნობის შოვნაც შესაძლებელია. Washington Post-ის თქმით, მათ ბორტგამცილებელმა, რომელსაც მსგავსი ცნობა ჰქონდა შეძენილი, გამოცემას აუხსნა, რომ ამ პროცესში გამყალბებელთან ერთად ერთვება ის სამედიცინო პირიც, ვისაც ვაქცინებზე წვდომა აქვს. ბორტგამცილებლის თქმით, ექიმი ვაქცინის დოზას ღვრის, შემდეგ ფლაკონის სერიულ ნომერს სახელმწიფო აღწერის სისტემაში ყალბი ცნობის შემკვეთის სახელს უკავშირებს. 

ამჟამად ვაქცინაციის ცნობის გამყალბებელთა წინააღმდეგ აღძრულია 24 შემთხვევა. 

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, საქართველოში უცხო ქვეყნებიდან შემომავალ ტურისტებს შორის, რუსი ვიზიტორების რიცხვი ერთ-ერთი ყველაზე დიდია.

 

კომენტარები