აშშ-ისრაელი

"ჩემს სადარაჯოზე ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება" – ბაიდენი ისრაელთან პირობას დებს

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლინი თეთრ სახლში
The Times of Israel

28 ივნისს თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრეზიდენტ რუვენ რივლინს შორის შეხვედრა შედგა

"შემიძლია გითხრათ, რომ ჩემს სადარაჯოზე ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება". – დაჰპირდა ჯო ბაიდენი რივლინს. 

რუვენ რივლინთან საუბრის დროს, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ შეხვედრის წინა დღეს სირიასა და ერაყში ირანის დაფინანსებული დაჯგუფებების სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმის ბრძანება გასცა. ამით აშშ-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე დიალოგის სურვილის პარალელურად, ის ამ სახელმწიფოსგან საზიანო ქმედებებს არ მოითმენს. 

"როგორც ამერიკის პრეზიდენტისთვის, ჩემი ერთგულება ისრაელის მიმართ რკინასავით მყარია. ხშირად ვამბობ ხოლმე, ისრაელი რომ არ არსებულიყო, ის უნდა შეგვექმნა-მეთქი". – თქვა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში. 

სამომავლოდ იგეგმება ისრაელის ახალ პრემიერმინისტრ ნაფთალი ბენეტთან შეხვედრაც. 

პრეზიდენტი რივლინის თქმით, ის შეხვედრით კმაყოფილია. 

პრეზიდენტი რუვენ რივლინი მალე დატოვებს თანამდებობას და პოსტს იცხაკ ჰერცოგს დაუთმობს.


2015 წლის ბირთვული შეთანხმება ფაქტობრივად უფუნქციო მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქვეშ, აშშ-მ მისი დატოვება გადაწყვიტა და ირანს სანქციები დაუწესა. აშშ-ს იმდროინდელი პოზიციით, ბირთვული შეთანხმება ვერ აჩერებდა ირანის მუშაობას ატომურ იარაღზე და ეს უკანასკნელი პირობებს არღვევდა. 

2021 წელს, პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ქვეშ, ქალაქ ვენაში ირანთან ახალი ბირთვული შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები დაიწყო

ისევე როგორც 2015 წელს, ახლაც, ბირთვული შეთანხმების წინააღმდეგია ისრაელი. ისრაელი თვლის, რომ მსგავსი შეთანხმებები ირანს ხელებს გაუხსნის საკუთარ ბირთვულ პროექტზე საიდუმლოდ სამუშაოდ. 

"რაისის არჩევა, ვიტყოდი, რომ მსოფლიო ძალებისთვის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებამდე გამოფხიზლების ბოლო შანსია. უნდა მიხვდნენ ვისთან აქვთ საქმე... არასდროს უნდა დავუშვათ, რომ დაუნდობელი ჯალათის რეჟიმს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდეს. ამაზე ისრაელის პოზიცია არ შეიცვლება". – თქვა ისრაელის ახალმა პრემიერმინისტრმა, ნაფთალი ბენეტმა.

კომენტარები