აშშ

აშშ-მ ერაყსა და სირიაში ირანის დაფინანსებული დაჯგუფებების ობიექტები დაბომბა

აშშ-ს საჰაერო ძალებმა, პრეზიდენტი ჯო ბაიდენის განკარგულებით, სირიისა და ერაყის სასაზღვრო ზონაში ირანის დაფინანსებული დაჯგუფებების ობიექტებზე იერიში მიიტანეს.

პენტაგონის განცხადებაში წერია, რომ საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს სირიაში მყოფ ორ და ერაყში მყოფ ერთ ობიექტზე. მათ იარაღის საწყობებად და სხვა სტრატეგიული მიზნებისთვის იყენებდნენ ლიბანური დაჯგუფება ჰეზბოლასა და ერაყული დაჯგუფება ქათა'იბ საიდ ალ-შუჰადას წევრები. 

იერიში მოჰყვა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სამხედრო დრონებით თავდასხმების სერიებს.

პენტაგონის განცხადების მიხედვით, იერიშები იყო პრეზიდენტი ბაიდენის ცხადი გზავნილი, რომ აშშ ერაყში არსებულ ინტერესებსა და იქ მყოფ სამხედროებს დაიცავდა. პენტაგონის განცხადებაში ეს თავდასხმა დახასიათებული არის, როგორც თავდაცვითი ნაბიჯი და დაჯგუფებების ქმედებების წინასწარ აღკვეთისთვის საჭირო საშუალება. 

აღსანიშნავია, რომ ეს იერიში ირანთან ახალ ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პარალელურად მოხდა.

კომენტარები