ირანი

ირანის ახალი პრეზიდენტი მოსამართლე და სასულიერო პირი, ებრაჰიმ რაისი გახდა

ებრაჰიმ რაისი

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მოსამართლემ და სასულიერო პირმა, ებრაჰიმ რაისიმ გაიმარჯვა.

მრავალი წლის განმავლობაში რაისის ადამიანის უფლებათა დარღვევაში ადანაშაულებდნენ. 2019 წელს ის ქვეყნის ახლანდელმა უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ხამენეიმ მაღალი რანგის მოსამართლედ დანიშნა. რამდენიმე თვის შემდეგ, აშშ-მ რაისის სანქციები დაუწესა. მიზეზი ადამიანის უფლებათა დარღვევა იყო. ებრაჰიმ რაისის ბრალად ედება 1980-იან წლებში პოლიტიკური პატიმრების სიკვდილით დასჯა, ასევე ის დადანაშაულებულია 2009 წლის საპროტესტო გამოსვლების დაუნდობლად ჩახშობაში.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ებრაჰიმ რაისის ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის დიდი მხარდაჭერა აქვს. ეს არის სამხედრო ორგანო, რომელიც წარსულში არაერთ რეფორმულ ინიციატივას შესწინააღმდეგებია და ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა შიიტურ დაჯგუფებებს აფინანსებს, მაგალითად, ისეთებს, როგორიცაა ლიბანში მყოფი ჰეზბოლა. 

ებრაჰიმ რაისი ცნობილია საკუთარი ხისტი პოლიტიკით. მისი გავლენის ზრდას შედარებით პრაგმატისტი პოლიტიკოსებისთვის, როგორიც არის ახლანდელი პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, აშშ-ს სანქციების მიერ შესუსტებას მიაწერენ. ჰასან რუჰანი ამ არჩევნებში მონაწილეობას ვერ იღებს, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, მას ამ პოსტის მესამე ოთხწლიანი ვადით დაკავების უფლება არ აქვს.

კომენტარები