რუსული ოკუპაცია

"პატრიარქისა და ოჯახის თხოვნით მოვიცდი"– გახელაძის მამა ოკუპირებულ ცხინვალში აღარ გადავა

მიხეილ გახელაძე
საზოგადოებრივი მაუწყებელი

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მამა, მიხეილ გახელაძე, აცხადებს, რომ საქართველოს პატრიარქისა და ოჯახის თხოვნით, ოკუპირებულ რეგიონში აღარ გადავა. 

მისი თქმით, დღეს, 23 ივნისს, ზაზა გახელაძის დაბადების დღეს, მშვიდობიანი აქცია გაიმართება. მიხეილ გახელაძე საქართველოს მთავრობას 1-თვიან ვადას აძლევს, შემდეგ კი, მისი თქმით, აღარ მოიცდის და ოკუპირებულ ცხინვალში გადავა. 

" პატრიარქის და ჩემი ოჯახის თხოვნით აღარ გადავალ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. დიდ პატივს ვცემ პატრიარქს და აღარ გადავდივარ. მხოლოდ იმ პირობით, დაველოდებით ერთი თვე, ერგნეთის შეხვედრამდე, თუ რამე არ შეიცვალა და რაიმე პასუხი არ მოგვცეს, აუცილებლად გადავალ. შეიძლება რომ გადავიდე, ამით უფრო დავუმძიმო ჩემს შვილს, მაგრამ მე არაფერი დამრჩენია სხვა. უნდა აამოქმედონ ყველა ბერკეტი, რომ ჩემი შვილი დაბრუნდეს სახლში. მოვუწოდებ ყველას, ჩატარდეს მშვიდობიანი აქცია, რომ შედეგი იყოს ნორმალური". – ამბობს მიხეილ გახელაძე. 

23 ივნისს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და მისი ოჯახის მხარდასაჭერად მოძრაობა დროას ორგანიზებული აქცია გაიმართება. აქცია 11:00 საათზე თბილისში დაიწყება და 12:30 საათიდან სოფელ ქვემო ჭალაში გაგრძელდება. 

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქცია პროვოკაციაა და ისინი "პროვოკაციებს არ დაუშვებენ და კანონმდებლობის შესაბამისად აღკვეთენ". 

22 ივნისს, ზაზა გაზელაძის ცოლმა თქვა, რომ ილია II-მ მისწერა რუსეთის პატრიარქს, იშუამდგომლოს გახელაძის  გათავისუფლების პროცესში.


კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. უკანონო დაკავებისას გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და ამის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

კომენტარები