რუსული ოკუპაცია

"პროვოკაციას არ დავუშვებთ"– ოკუპირებული ცხინვალი გახელაძის აქციაზე განცხადებას ავრცელებს

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქცია, რომელიც ხვალ, 23 ივნისს ჩატარდება, პროვოკაციაა და ისინი "პროვოკაციებს არ დაუშვებენ და კანონმდებლობის შესაბამისად აღკვეთენ". 

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის მამას შეხვდა. მიხეილ გახელაძის თქმით, პრემიერისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო. 

"თქვენ დაგვპირდით, რომ 2 კვირაში გაათავისუფლებდით და ვერ გამოიყვანეთ-მეთქი. თქვენ სხვანაირად გაიგეთ, მე ეგრე არ მითქვიაო. კონკრეტული არაფერი გვითხრა. ვუთხარი, რომ ჩვენი დიალოგი ასე ვერ შედგება-თქო და მე ჩვეულებრივ ვაპირებ ხვალ გადასვლას-თქო. ოჯახი დარჩება და გააკეთებენ აქციებს... ერთი წელი ჰქონდათ დრო და ვერაფერი ვერ გააკეთეს და მე ჩემს ჩაფიქრებულს გავაკეთებ". – ამბობს მიხეილ გახელაძე მთავარ არხთან საუბარში. 

23 ივნისს ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და მისი ოჯახის მხარდასაჭერად მოძრაობა დროას ორგანიზებული აქცია გაიმართება. აქცია 11:00 საათზე თბილისში დაიწყება და 12:30 საათიდან სოფელ ქვემო ჭალაში გაგრძელდება. 


კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. უკანონო დაკავებისას გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და ამის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები