კრიმინალი

"ატკატი" 200-ლარიანი სოციალური დახმარებიდან – სუს-მა თაღლითობის გამო 3 ადამიანი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ COVID-პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული 200-ლარიანი სოციალური დახმარების მოტყუებით მიღებისათვის, ინდ. მეწარმემ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა ორგანიზება გაუწიეს რამდენიმე ათეული პირის მობილიზებას და მათთვის ინდ. მეწარმესთან 2020 წლის იანვარ-თებერვალში დასაქმების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტაციის მომზადებას. აღნიშნული პირების პირადი მონაცემები წარადგინეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, შესაბამისად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 10 200 ლარს.

"მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხსენებული პირები გაცემული 200-ლარიანი დახმარებიდან 100 ლარს ე.წ. "ატკატის" სახით ართმევდნენ ბენეფიციარებს. დადგენილია, რომ აღნიშნული პირები რეალურად არ იყვნენ დასაქმებული ინდ. მეწარმესთან და შესაბამისად არ წარმოადგენდნენ საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ დასახმარებელ პირთა წრეს". – ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

კომენტარები