ფერიის ბავშვთა პანსიონი

"მამა იოანე იყო – კაბა აიწია, გადამაჯდა და მირტყამდა" – ფერიის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი

დავით სამხარაძე
ფორმულა

ფერიის ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი, დავით სამხარაძე შაბათის ფორმულას ეთერში პანსიონში გატარებულ 3 წელს იხსენებს და სასტიკ მოპყრობაზე ყვება.  სამხარაძის თქმით, მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ და განსაკუთრებული სისასტიკით ერთ აღმზრდელს გამოყოფს. 

"შეუბრალებელი იყო ეს ქალბატონი ხელებით ცემაში, რკინის ჯოხით, რომელსაც იყენებდა ცემის დროს. ეს იყო ლოგინის საფეხური, რომელსაც საჭიროების მიხედვით იყენებდა. არაერთხელ მომხვედრია. წელზე მირტყამდა, მხრებზე, ნაძვზე მიმანარცხა და ლავიწის ძვალი გამიტყდა. ექიმთან წამიყვანეს და უთხრეს, რომ ჩემით დავიზიანე"- ამბობს სამხარაძე. 

მისივე თქმით, პანსიონის ბავშვებზე სასულიერო პირებიც ძალადობდნენ. 

"მამა იოანე იყო ასეთი, კაბა აიწია, დამაწვინა იატაკზე, გადამაჯდა და მირტყამდა. ჩვენ გვჯეროდა იმის, რომ ჩვენი სულისთვის იყო ეს ყველაფერი, ასე ცოდვებს ვისყიდდით". - ამბობს ყოფილი აღსაზრდელი. 

სამხარაძე ამბობს, რომ ბავშვთა სახლში არსებულ ძალადობაზე პანსიონის გარეთ მამაოებთან არაერთხელ უსაუბრია, თუმცა, მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც იგებდნენ, რომ პანსიონი დედა სიდონიას დაქვემდებარებაში იყო, ტაძრიდან უშვებდნენ. 

მისი თქმით, პანსიონიდან გაშვების შემდეგ მას მუდმივად ემუქრებოდნენ და აშანტაჟებდნენ. 

"ერთ-ერთმა მოძღვარმა მითხრა, რომ დარჩიები ჩაგქოლავთ, ენა არ ამოიღო. მახსოვს, აღდგომის მარხვა იყო, იმდენად მეშინოდა, რომ მთელი აღდგომა ეზოში ვერ გავდიოდი. შანტაჟი იყო, რომ არსად არ მიგიღებენ, ისეთი დახასიათებით გაგიშვითო. თბილისში სასულიეროში დარეკა სიდონიამ, რატომ მიიღეთ, ასეთი დახასიათებით გამოვუშვიო და დირექტორმა უთხრა, ჩემი მოგვარეა, ვერ გავწირავო", - ამბობს დავით სამხარაძე. 


ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ფერიის ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი პანსიონში ძალადობასა და სასტიკ მოპყრობაზე საუბრობს. ლუკა სარალიძემ პანსიონში გატარებული წლები და სხვადასხვა "დამსჯელობითი" მეთოდიც გაიხსენა.  13 ივნისს ლუკა სარალიძემ თქვა, რომ ფერიის ბავშვთა პანსიონში 6 წლიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. 

"დამსჯელობითი მეთოდები იყო განსხვავებული. რკინის ჯოხითაც მცემდნენ. აღმზრდელი ისე გამეტებით მირტყამდა, რომ ფეხი სულ ჩაშავებული მქონდა. წამომივიდა სისხლი, შემეშინდა, დავიწყე ტირილი და ამ ტირილზეც დამცინოდა. ერთ-ერთმა აღმზრდელმა, იმის გამო რომ ვტიროდი, კაბა ჩამაცვა და სკოლის დერეფანში მატარა ძალიან ბევრი ბავშვის თანდასწრებით. თუ ღამით ვისაუბრებდით, აუცილებლად წამოგვაგდებდა ფეხზე და მუხლებზე დაგვაყენებდა მანამ, სანამ არ გავითიშებოდით.

მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება, რომ ამ ადამიანებმა მე ბავშვობა წამართვეს. ამ ადამიანებმა არა მხოლოდ მე, იმ ბავშვებსაც წაართვეს ბავშვობა, ვინც ჩემთან ერთად იყო". – თქვა სარალიძემ.  

საპასუხოდ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ Facebook-ზე ირონიულად დაწერა, რომ სარალიძეს "გაზის კამერებშიც ათავსებდნენ", მეუფე დიმიტრიმ კი თქვა, რომ ყოფილმა აღსაზრდელმა "300 ლარად გაგვყიდა" 

კომენტარები