ფერიის ბავშვთა პანსიონი

"რკინის ჯოხითაც მცემდნენ, ტირილის გამო კაბა ჩამაცვეს" – ფერიის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი

ლუკა სარალიძე
მთავარი არხი

ფერიის ბავშვთა სახლის ყოფილი აღსაზრდელი, ლუკა სარალიძე პანსიონში გატარებულ წლებს იხსენებს და ამბობს, რომ 6 წლიდან, ის წლების განმავლობაში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა და სხვადასხვა "დამსჯელობითი" მეთოდიც გაიხსენა:

"დამსჯელობითი მეთოდები იყო განსხვავებული. რკინის ჯოხითაც მცემდნენ. აღმზრდელი ისე გამეტებით მირტყამდა, რომ ფეხი სულ ჩაშავებული მქონდა. წამომივიდა სისხლი, შემეშინდა, დავიწყე ტირილი და ამ ტირილზეც დამცინოდა. ერთ-ერთმა აღმზრდელმა, იმის გამო რომ ვტიროდი, კაბა ჩამაცვა და სკოლის დერეფანში მატარა ძალიან ბევრი ბავშვის თანდასწრებით. თუ ღამით ვისაუბრებდით, აუცილებლად წამოგვაგდებდა ფეხზე და მუხლებზე დაგვაყენებდა მანამ, სანამ არ გავითიშებოდით.

მთელი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება, რომ ამ ადამიანებმა მე ბავშვობა წამართვეს. ამ ადამიანებმა არამხოლოდ მე, იმ ბავშვებსაც წაართვეს ბავშვობა, ვინც ჩემთან ერთად იყო". – ამბობს სარალიძე. 

ლუკა სარალიძის თქმით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებულმა ამბებმა გადააწყვეტინა საჯაროდ მოეყოლა მისი ისტორია. მისი თქმით, ძალადობის გამო პანსიონის ბავშვებს ბევრი დარღვევა ჩამოუყალიბდათ. 

"საკუთარი თავი მეზიზღებოდა, რადგან არ შემეძლო ამ ყველაფრისთვის ისეთი წინააღმდეგობა გამეწია, რომ ჩემი თავისთვის მეშველა. ჩემს თავს ვაბრალებდი ყველაფერს... როცა ჩემს ოჯახს გამოვყავდი და მათთან ვყვებოდი ამ ყველაფერს, ძალადობის შესახებ, გადაწყვიტეს რომ მეუფესთან ასულიყვნენ. მეუფეს პასუხი იყო, რომ არ ხდება არაფერი მსგავსი. ასევე, დედა სიდონიაც ინფორმირებული იყო". – ამბობს პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი.

მისივე თქმით, ზოგჯერ წყალზე და პურზე იყვნენ და ასე სჯიდნენ ბავშვებს, სამზარეულოში შეჰყავდათ და აყურებინებდნენ, თუ როგორ ჭამდნენ სხვები. 

"10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ეტაპი გადავლახე და შეიძლება ითქვას, რომ დღემდე ვებრძვი ამ ტრამვებს". – აღნიშნავს ლუკა. 

პანსიონის დირექტორმა, იღუმენია სიდონიამ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და მის ნაცვლად დაწესებულების ექთანმა თქვა, რომ ლუკა სარალიძე თვითდაზიანებებს იყენებდა და "ცოტა ფსიქიკური გადახრები ჰქონდა". 

ფერიის მონასტრის ყოფილი აღსაზრდელის ინტერვიუს მალევე გამოეხმაურა საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და FACEBOOK-ზე "იხუმრა". 

კომენტარები