ევროპული საქართველო

ბოკერია: არ გვყავს მთავრობა, რომელიც ჩვენი ოკუპაციის საკითხს უმაღლეს დონეზე დააყენებს

დიმა ჩიკვაიძე

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე ილაპარაკა, სადაც საქართველოს შესახებ საუბარი არ ყოფილა.

გიგა ბოკერიას შეფასებით, უზარმაზარი პრობლემა აქვს საქართველოს, ვინაიდან არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მაგალითად, რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაცია, უმაღლესი დონის შეხვედრებზე დღის წესრიგამდე მიიტანდა. 

"მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან არის ის, რომ საქართველოს ოკუპაციის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიის წინააღმდეგ პუტინის რუსეთის განგრძობადი აგრესიის საკითხი უმაღლესი დღის წესრიგის დონეზე არ დგას. უკვე დიდი ხანია, ეს ასეა და ვერც ამ ეტაპზე მოხერხდა, თუნდაც უკრაინასთან კონტექსტში, რომ ეს საკითხი წინ წამოწეულიყო.

ამას აქვს, სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზებიც, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლების კონტროლს მიღმა იქნებოდა, მაგრამ, ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს ჩვენი უზარმაზარი პრობლემა, რომ ამ საკითხზე და სხვა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მქონე საკითხზე, იმუშავებდა აქტიურად და, მათ შორის, როცა აუცილებელია, ჩვენს პარტნიორებს შეაწუხებდა კიდეც, როგორც ამას აკეთებს უკრაინის ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ევროპული საქართველოს ლიდერის შეფასებით, სახეზეა ყველა საბუთი და ნიშანი იმისა, რომ ქართული ოცნება აწარმოებს ქვეყნისთვის დამაზიანებელ პოლიტიკას, რაც გამოიხატება იმაში, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში საქართველო განხეთქილების საგანი არ უნდა იყოს. 

"უფრო მეტიც, ყველა ნიშანი გვაქვს იმისა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმი სხვადასხვა ინტენსივობით ასრულებდა ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად საზიანო, მავნებლურ ამოცანას, რაც დეკლარირებული ჰქონდა თავის პროგრამაში, რომ საქართველო გაქრეს, როგორც დაპირისპირების საკითხი რუსეთსა და დასავლეთს შორის, რაც ჩვენი დემოკრატიული ამოცანებისთვის უაღრესად საზიანოა". – ამბობს გიგა ბოკერია. 

იმაზე, რომ საქართველოს საკითხი ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის სამიტის ფარგლებში არ განხილულა და არცერთ მათგანს საკუთარ ბრიფინგზე საქართველო არ უხსენებია, Heritage Foundation-ის მკვლევარმა, ლუკ კოფიმაც ისაუბრა

"დასავლეთში საქართველოს მეგობრებს უფრო მეტი მუშაობა სჭირდებათ იმისთვის, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნდეს. 

საქართველოს 20% ოკუპირებულია. 

თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო არც ერთხელ არ უხსენებიათ არც პუტინისა და არც ბაიდენის ბრიფინგებზე". – დაწერა Twitter-ზე ლუკ კოფიმ. 

16 ივნისს ჟენევაში ბაიდენისა და პუტინის სამიტი ორ სესიად ჩატარდა. პირველი სესია 93 წუთს გაგრძელდა და მას პრეზიდენტების გარდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ. მეორე სესია 45-წუთიანი შესვენების შემდეგ დაიწყო და 65 წუთს გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. მეორე სესიას ქვეყნის მინისტრები და მრჩევლები ესწრებოდნენ.

ლიდერებმა პრესკონფერენციები სამიტის დასრულების შემდეგ ცალ-ცალკე გამართეს.

ბაიდენმაც და პუტინმაც შეხვედრა დადებითად შეაფასეს.

კომენტარები