კრიპტოვალუტა

მსოფლიო ბანკმა უარყო სალვადორის თხოვნა ბიტკოინის იმპლემენტაციაში დახმარების შესახებ

მსოფლიო ბანკმა უარყო სალვადორის თხოვნა ბიტკოინის იმპლემენტაციის პროცესში დახმარების გაწევასთან დაკავშირებით

2021 წლის ივნისში სალვადორი მსოფლიოს პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად აღიარა და საგადასახადო საშუალებად მიიღო

სალვადორის პრეზიდენტმა, ნაიიბ ბუკელემ თქვა, რომ მომდევნო სამ თვეში ბიტკოინის ტრანზაქციისათვის საჭირო ტექნიკური ინფრასტრუქტურა ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომი გახდება და მოსახლეობა შეუფერხებლად შეძლებს კრიპტოვალუტის საგადასახადო საშუალებად გამოყენებას. 

აღნიშნული მიზნის მისაღწევად და 3-თვიანი ვადის დასაცავად ბუკელემ მსოფლიო ბანკს თხოვნით მიმართ, რაც ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში დახმარების მიღებას გულისხმობდა. 

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, სალვადორის თხოვნის უარყოფა ბიტკოინთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი საკითხებითა და კრიპტოვალუტის ტრანზაქციის პროცესის გაუმჭვირვალობითაა განპირობებული.  

საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] შეფასებით, სალვადორის მიერ ბიტკოინის ოფიციალურ ვალუტად აღიარება მაკროეკონომიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. 


პრეზიდენტმა თქვა, რომ კრიპტოვალუტის მაინინგისთვის სალვადორში არსებულ გეოთერმულ ელექტროსადგურს გამოიყენებენ, რომელიც ენერგიას ვულკანიდან გამოიმუშავებს. 

ვულკანური გეოთერმული ენერგია ითვლება ენერგიის სუფთა და განახლებად წყაროდ, რომელიც გარემოს არ აბინძურებს. 

აღნიშნული ნაბიჯი პირდაპირ ეხმიანება გარემოსდაცვით არგუმენტს, რომლის მიხედვით, კრიპტოვალუტის მაინინგი დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს, ხოლო ამ ენერგიის წყარო ხშირად არაგანახლებად ენერგიაზე მომუშავე თბოელექტროსადგურებია, რომლებიც გარემოს აბინძურებენ. 

ექსპერტების განმარტებით, კრიპტოვალუტის მაინინგში დახარჯული ენერგია გაფლანგული სულაც არ არის, რადგან ის კრიპტოგრაფიულად დაცული მონეტარული სისტემის ფუნქციონირებისთვის გამოიყენება.

პრობლემა კი არა მაინინგში, არამედ ელექტროსადგურებშია და სახელმწიფოებმა ეს გამოწვევა არა კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვით, არამედ ენერგიის სუფთა და განახლებად წყაროებზე გადართვით უნდა მოაგვარონ, ისეთებზე, როგორებიცაა: ჰიდრო-, ატომური, მზის, ქარის, გეოთერმული და, მათ შორის, ვულკანური წყაროები.

კომენტარები