შსს

ქურდული სამყაროს წევრობის და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობისთვის ქუთაისში 3 პირი დააკავეს

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი - 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ჩ., 1983 წელს დაბადებული ა.მ. და 1977 წელს
დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ს. დააკავეს.

მათ ბრალად ედებათ "ქურდული სამყაროს" წევრობა და "ქურდულ შეკრებაში"
მონაწილეობა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ჩ.-მ შემთხვევით გაიგო თავისი ნაცნობის, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ყოფილი მეწილისა და ამავე ობიექტის ახლანდელი მფლობელის ფინანსური დავის შესახებ. მან, თანამზრახველებთან ერთად, თვითნებურად, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით გადაწყვიტა აღნიშნულ დავაში ჩარევა. ბრალდებულებმა "ქურდული სამყაროს"მიერ დადგენილი წესების მიხედვით მოაწყვეს "ქურდული გარჩევა". ფინანსური დავის ქურდული წესით გარჩევის შედეგად, ბარის მეპატრონეს ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის და "ქურდული სამყაროს" წევრების სასარგებლოდ
გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. სამართალდამცველებმა, თ.ჩ., ა.მ. და დ.ს. ბრალდებულის სახით მას შემდეგ დააკავეს, რაც ბარის მეპატრონემ მათ მოთხოვნილი თანხა გადაუხადა.

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები