ამერიკელი სენატორების ვიზიტი

"რუსეთმა აღმ. ევროპაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა საქართველოდან დაიწყო" – შაჰინის წერილი

"აღმოსავლეთ ევროპა პუტინის ჩრდილქვეშ ცხოვრობს. აშშ-მ და ნატომ რუსეთი უნდა შეაჩერონ, რათა მან არ გადაყლაპოს თავისუფლების მოყვარული ევროპული ქვეყნები". - სენატორი ჯინ შაჰინი USA today-ზე საავტორო წერილს აქვეყნებს სახელწოდებით "დასავლეთის გაღვიძებისკენ მოწოდება - როცა ჯო ბაიდენი შეხვდება პუტინს, არ გამოტოვოთ ბელარუსი" - წერილში სენატორი ბელარუსის გარდა საუბრობს რუსეთის ზეწოლაზე საქართველოსა და უკრაინაზეც:

"ბელარუსი ჩვენი პირველი საფიქრალია. ასევე უკრაინა ინარჩუნებს ვაშინგტონის ორპარტიულ მხარდაჭერას, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთმა აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა საქართველოდან დაიწყო, სადაც ასევე ვიმყოფებოდი. მე ვიხილე ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი, რომელიც აცალკევებს რუსეთისა და მის მიერ მართული ადგილობრივი ძალების მიერ ოკუპირებულ საქართველოს 20%-ს. აქ რუსეთი გამუდმებით ცდილობს საზღვრის დროდადრო გადმოწევას და საქართველოს მოსახლეობისთვის მოძრაობის შეფერხებას საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც ხელს უშლის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე წვდომას. 

რუსები ასევე ხელს უშლიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას და ჩართულები არიან დეზინფორმაციულ კამპანიებში, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას იმ მეთოდებით, რომლებიც ამერიკელებისთვის, ჩვენი არჩევნებიდან გამომდინარე, ნაცნობია".- ვკითხულობთ წერილში.

ამასთან ერთად, სენატორი საუბრობს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების აუცილებლობაზე, ვინაიდან ნატოს უმოქმედობა პუტინს გამარჯვებას მოუტანს.

"პირველ რიგში, ჩვენ სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, სულ მცირე, უზრუნველვყოთ მკაფიო გზა წევრობისკენ. ორივეს სურს გაწევრიანება, რაც დამანგრეველი იქნება პუტინის გეგმებისთვის. მისი დაარსებიდან ნატოს კარი ღია იყო გაწევრიანების მსურველი ყველა ქვეყნისთვის. ეს შემთხვევაც არ უნდა იყოს განსხვავებული. საჭიროა რეფორმები, რათა ალიანსმა შეიძინოს ძლიერი მოკავშირეები, უმოქმედობა პუტინს გამარჯვებას მოუტანს.

ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სამხედრო და დიპლომატიური აქტიურობა რეგიონში. ჩვენ დაუყოვნებლივ გვჭირდება კვალიფიციური ელჩი კიევში. უკრაინასა და საქართველოსთან საქმიანი და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება ასევე სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს". - ვკითხულობთ წერილში.

აშშ-ს კონგრესის დელეგაცია სენატორ ჯინ შაჰინის და ხელმძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით საქართველოში  3 ივნისს ჩამოვიდა. სენატორებმა შეხვედრები გამართეს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ოპოზიციასთან.

ჯინ შაჰინი ნიუ-ჰემფშირის შტატის დემოკრატი სენატორია, ხოლო რობ პორტმანი – ვისკონსინის შტატის რესპუბლიკელი სენატორი. შაჰინი და პორტმანი აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები არიან. 

კომენტარები