ამერიკელი სენატორების ვიზიტი

ელჩი სენატორებზე: აინტერესებთ, რჩება თუ არა საქართველო დემოკრატიული განვითარების ერთგული

ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიების წინ აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ჟურნალისტებს ესაუბრა. ელჩს საქართველოში სენატორების ჯინ შაჰინის და რობ პორტმანის ვიზიტთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა. დეგნანის თქმით, ამ ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოსთვის აშშ-ს მხარდაჭერის ჩვენებაა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი არის საქართველოს და ჩვენი პარტნიორობის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერის ჩვენება. ეს არის ხანგრძლივი პარტნიორობა საქართველოს დემოკრატიის განვითარების პარალელურად და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. კოვიდის გამო იყო პატარა შესვენება, მაგრამ მათ სურდათ საქართველოში ჩამოსვლა იმის სანახავად, როგორ ვითარდება მოვლენები. ბევრი საკითხი იქნება დღის წესრიგში". – თქვა დეგნანმა.

ელჩმა აღნიშნა, რომ სენატორებს აინტერესებთ, რჩება თუ არა საქართველო დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული.

"ვფიქრობ, აინტერესებთ, იხილონ, როგორ ვითარდება საქართველო და არის თუ არა დემოკრატიული განვითარების და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ საქართველოს ერთგულება ისეთივე ძლიერი როგორც ყოველთვის". – თქვა კელი დეგნანმა.

ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს აშშ-ს ორპარტიული მხარდაჭერა, რაც ჩანს დემოკრატი სენატორი შაჰინის და რესპუბლიკელი სენატორ პორტმანის ვიზიტში. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში სენატორების ვიზიტთან დაკავშირებით მაღალი ინტერესია. სენატორები შეხვდებიან როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე ოპოზიციის ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი რუსული აგრესია და საქართველოს ოკუპაცია იქნება.

კონგრესის დელეგაცია, სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით, საქართველოში ხვალ ჩამოვა.

კომენტარები