ამერიკელი სენატორების ვიზიტი

სენატორი პორტმანი: გვჯერა, რომ საქართველო იმსახურებს NATO-ს წევრობის გზაზე ყოფნას და MAP-ს

რობ პორტმანი და ჯინ შაჰინი
ტაბულა

​სენატორ რობ პორტმანის თქმით, დღის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე სენატორებმა ხაზი გაუსვეს რეფორმების მხარდაჭერას. სენატორმა აღნიშნა, რომ რეფორმების გატარება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

​"ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს დასავლეთთან გაერთიანება არ უნდა იყოს მხოლოდ მისწრაფება, საქართველო უნდა გაერთიანდეს დასავლეთთან და უნდა შევიდეს NATO-ში. არსებობს პროცესი, MAP-ი, რომელიც NATO-ს წევრობისთვის შემდეგი ნაბიჯია, ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო იმსახურებს NATO-ს წევრობის გზაზე ყოფნას, შესაძლებლობას, შეუერთდეს MAP-ის პროცესს. ამას გადაწყვეტს არა აშშ, არამედ NATO-ს ყველა წევრი და ამისთვის საჭიროა გარკვეული რეფორმები. ესაა მიზეზი, რატომ არის რეფორმები ასეთი მნიშვნელოვანი." - თქვა სენატორმა რობ პორტმანმა პრესკონფერენციაზე.

აშშ-ს კონგრესის დელეგაცია სენატორ ჯინ შაჰინის და ხელმძღვანელობითა და სენატორ რობ პორტმანის მონაწილეობით საქართველოში დღეს, 3 ივნისს ჩამოვიდა. სენატორებმა შეხვედრები გამართეს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ასევე იგეგმება შეხვედრა ოპოზიციასთან.

ჯინ შაჰინი ნიუ-ჰემფშირის შტატის დემოკრატი სენატორია, ხოლო რობ პორტმანი ვისკონსინის შტატის რესპუბლიკელი სენატორი. შაჰინი და პორტმანი აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები არიან.

კომენტარები