პუტინისტური ჯგუფები

ვასაძე: პრაიდის კვირეულის გასაუქმებლად ხელისუფლებას 10-დღიან ვადას ვაძლევთ

ლევან ვასაძე

პუტინისტი პოლიტიკოსი, ლევან ვასაძე ხელისუფლებისგან პრაიდის კვირეულის გაუქმებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვასაძე კონტრაქციით იმუქრება. ვასაძე ამბობს, რომ პრაიდის კვირეულის ჩატარება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საფრთხეს უქმნის. 

"ჩემი ღრმა რწმენით, იგი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას, იმიტომ, რომ საზოგადოებრივი დიალოგის ფარგლებში ჩვენ არაერთი წელია გვაქვს სრულიად მკაფიო მესიჯები ჩვენი მოძმე აფხაზებისა და ოსებისაგან, რომ, თუ საქართველო მიდის ანტიტრადიციული გზით, ჩვენ თქვენთან საერთო საერთოდ აღარაფერი გვაქვსო. გარდა ამისა, მოვუწოდებ ჩვენს გეოგრაფიის არმცოდნე ხალხს, ჩახედონ რუკას, თუ სად ვცხოვრობთ და გაიაზრონ ის სამეზობლო, გეოპოლიტიკური რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ". - ამბობს ვასაძე. 

ლევან ვასაძემ ხელისუფლებას 10-დღიანი ვადა მისცა. მისივე თქმით, "ღირსების მარში" არ ჩატარდება, რადგან იქ "სპონტანურად უამრავი ხალხი მივა და მოხდება ის, რაც მოხდება".

"მე მოვუწოდებ, ამ შემთხვევაში ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ქართული ოცნების ლიდერებს, მოეშვან ამ თამაშებს და გააკეთონ ძალიან მკაფიო არჩევანი: ან დადგნენ საზოგადოებრივი ნორმის, მორალის და ტრადიციების გვერდზე და, ჯერ ერთი, გააუქმონ ეს დაანონსებული ე.წ. პრაიდი, როგორც მათ ჩვენ ეს გავაკეთებინეთ 2 წლის წინ. დღეს ხომ არის 15 ივნისი, ვაძლევთ ვადას 25 ივნისამდე, 10-დღიანს, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, რათა არ მისცენ საბაბი ქვეყანაში ესკალაციის და დაპირისპირების განვითარებას და ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას, ჩვენს უშუალო სამეზობლოში". - ამბობს ვასაძე და ხელისუფლებას სთხოვს კანონის მიღებასაც, რომელიც "გარყვნილების პროპაგანდას აკრძალავს". 

თბილისი პრაიდის ინფორმაციით, პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კულტურული და პოლიტიკური ღონისძიებები. 5 ივლისს კი ღირსების მარში გაიმართება. 

 

კომენტარები