პუტინისტური ჯგუფები

EM: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვას 2021 წლის 5 ივლისის ორგანიზებული ძალადობის გამეორება

ტაბულა

თანასწორობის მოძრაობა (EM) პრაიდის კვირეულის წინააღმდეგ პუტინისტური დაჯგუფებების აქციებს გამოეხმაურა და ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას 2021 წლის 5 ივლისს ორგანიზებული ძალადობის გამეორება. 

"ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში პუტინისტურ მოძალადე ჯგუფებს საშუალება ეძლევათ ღიად და დაუფარავად შეუშალონ ხელი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, საჯაროდ იძალადონ ადამიანებზე და შებღალონ პოლიტიკური მნიშვნელობის სიმბოლოები.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, არ დაუშვას 2021 წლის 5 ივლისის ორგანიზებული ძალადობის გამეორება.
მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაატაროს პრევენციული და რეაგირების ღონისძიებები, დაიცვას ლგბტქი ადამიანების და მოქალაქეების უსაფრთხოება.

მოხარული ვართ, რომ Tbilisi Pride-ის კვირეული წარმატებით ჩატარდა და იმედს გამოვთქვათ, რომ დღევანდელი ღონისძიებაც უსაფრთხოდ ჩაივლის". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

26 ივნისს Tbilisi Pride-მა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა, დაიცვას კვირეულის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში გაიმართება და არ ჩატარდება ღირსების მარში, თუმცა პუტინისტური ჯგუფებისგან მუქარა არ წყდება.

დღეს, 2 ივლისს პოლიციამ ალტ-ინფოს აქციაზე 17 პუტინისტი დააკავა. მანამდე,  პირველ ივლისს დააკავეს 26 პირი, მათ შორის ზურაბ მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები.

კომენტარები