ვაქცინაცია საქართველოში

ივლისი-ოქტომბერში ქვეყანაში ვაქცინის 3 200 000-ზე მეტი დოზა შემოვა – ჯანდაცვის სამინისტრო

BBC

ივლისი-ოქტომბრის პერიოდში ქვეყანაში ვაქცინების 3 მილიონ 200 000-ზე მეტ დოზას მიიღებს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, ეს იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ აღიარებული ვაქცინები – ფაიზერის, სინოფარმის, სინოვაკის, ნოვავაქსისა და J&J-ის დოზები. 

ამავდროულად, Covax-პლატფორმის საშუალებით, ივნისში საქართველო ასტრაზენეკას ვაქცინის 43 000-მდე დოზასაც მიიღებს. როგორც სამინისტრო წერს, ასტრაზენაკას ადმინისტრირებისთვის დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების მობილიზება და პროგრამაში ჩართვა განიხილება. 

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა 15 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 13 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა შემოვიდა. 6 მაისს საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის კიდევ 43 000 დოზა ჩამოვიდა. ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება 55 წლის ნაცვლად, 45 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება.

Pfizer-ის 29 500 დოზა ქვეყანაში 25 მარტს შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში Pfizer-ის დამატებით დოზებს ზაფხულში უნდა ველოდოთ.

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა და ამ ვაქცინის გამოყენებით აცრა 4 მაისს დაიწყო. 7 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ჩინური ვაქცინის – სინოფარმის გამოყენების ნებართვა გასცა. რაც შეეხება Sinovac-ს მისი გამოყენება ქვეყანამ 21 მაისს დაიწყო. WHO-მ მას ავტორიზაცია 1 ივნისს მიანიჭა. ამ დროისთვის ამ უკანასკნელით 25 857 ადამიანია აცრილი. 

კომენტარები