პაკისტანი

პაკისტანელ ქრისტიან ცოლ-ქმარს მკრეხელობის გამო მისჯილი სასიკვდილო განაჩენი მოუხსნეს

პაკისტანელი ქრისტიანი ცოლ-ქმარი, ემანუელ შაფქატი და კაუსარ შაგუფტა
The Guardian

პაკისტანში 7 წლის წინ ქრისტიან ცოლ-ქმარს, ემანუელ შაფქატსა და კაუსარ შაგუფტას მკრეხელობის გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა მათი საქმე გაასაჩივრეს. სასამართლომ გასაჩივრების პროცესი რამდენჯერმე გადადო, თუმცა საბოლოოდ 2021 წლის ივნისში წყვილს ბრალდება მოუხსნეს და უდანაშაულოებად ცნეს

ცოლ-ქმარი 2013 წელს დააკავეს. მათ ბრალი ედებოდათ წინასწარმეტყველი მუჰამედის შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინებების გაგზავნაში, მიუხედავად იმისა, რომ არცერთმა მათგანმა არ იცოდა წერა-კითხვა. განაჩენი წყვილს 2014 წელს გამოუტანეს, რასაც ევროპული პარლამენტისგან დიდი კრიტიკა მოჰყვა.

"ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევძელით გაგვეთავისუფლებინა ეს წყვილი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ხალხი არიან". – თქვა ქრისტიანი ცოლ-ქმრის ადვოკატმა. 

"მკრეხელობა" პაკისტანში საკმაოდ სენსიტიური თემაა. მიუხედავად იმისა, რომ მკრეხელობის ბრალდებით სიკვდილით ოფიციალურად არავინ დაუსჯიათ, ზოგჯერ ამ მიზეზით თავად მოსახლეობა ლინჩის წესით ასამართლებს "მკრეხელებს", იმ შემთხვევაშიც კი, როცა ბრალდება დაუსაბუთებელია.

ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ამბობენ, რომ პაკისტანში მკრეხელობის ბრალდებას ხშირად პიროვნული უთანხმოებების გადასაჭრელად იყენებენ.

ქრისტიანი ცოლ-ქმარი მაღაზიის მეპატრონის ბრალდებით დააკავეს. ბრალმდებელმა თქვა, რომ მან წყვილის მიერ დაწერილი მკრეხელური შეტყობინება წაიკითხა. 

პაკისტანის ლაჰორის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-იც.

"დღევანდელმა გადაწყვეტილებამ დაასრულა იმ წყვილის 7-წლიანი განაჩენი, ვისთვისაც არც უნდა წაეყენებინათ და არც უნდა მიესაჯათ სასიკვდილო განაჩენი. "მკრეხელობის" შემთხვევები ხშირად ეფუძნება მყიფე სამხილებს, ისეთ გარემოში, სადაც სამართლიანი პროცესის მოწყობა შეუძლებელია, რაც ხაზს უსვამს განაჩენის ხარისხს. ახლა მთავრობამ შაფქატისთვის, შაგუფტასთვისა და მათი ადვოკატი საიფულ ულ-მალუქისთვის დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ადეკვატური უსაფრთხოება". – აცხადებენ Amnesty International-ში.

2021 წლის აპრილში ევროპულმა პარლამენტმა დაგმო პაკისტანის უუნარობა ქვეყანაში დაეცვა რელიგიური უმცირესობები, როგორებიც არიან აჰმადიები, შიიტები, ჰინდუისტები, ქრისტიანები და სიხები. 

პაკისტანში ამჟამად მკრეხელობის ბრალდებით კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი არის დაკავებული.

 

 

 

კომენტარები