ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

ვასაძე: ჩატარდეს გამოძიება, დაისაჯონ ის ჟურნალისტები, NGO-ები, ვინც ტრადიციებს შეურაცხყოფენ

ლევან ვასაძე
ტაბულა

პუტინისტი პოლიტიკოსი, ლევან ვასაძე მეუფე სპირიდონის მხარდამჭერს აქციაზე მივიდა და სახალხო დამცველის გადადგომა მოითხოვა. 

ვასაძე ამბობს, რომ მეუფე სპირიდონის "წინააღმდეგ აგორებული ცილისწამების კამპანია" აღმაშფოთებელია. ის მიიჩნევს, რომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება უნდა ჩატარდეს და ის ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები უნდა დაისაჯონ, ვინც ქართულ "ტრადიციებს შეურაცხყოფენ". 

"არავინ არ ჩასულა და არ დახმარებია და როგორ გგონიათ, იქ თუ რამე დარღვევას ჰქონდა ადგილი და დარღვევა ყველგან შეიძლება მოხდეს - მეუფე სპირიდონზე მეტად ვინმეს აინტერესებს ამ დარღვევის გამოსწორება?!  ეს აღმაშფოთებელი, პირწავარდნილი ფაშიზმი, ცილისწამებისა, ბრალდებებისა, რაღაცა ტყუილებისა, ნიაღვარი იმ ტალახისა, რომელიც იღვრება მეუფე სპირიდონის მიმართ, ნინოწმინდის ბავშვთა სახლის მიმართ და საერთოდ დედაეკლესიის მიმართ, როდემდე უნდა ვითმინოთ, ხალხო... ჩვენ მოვითხოვთ, გადადგეს ნინო ლომჯარია. 

ჩატარდეს გამოძიება და ყველა ჟურნალისტი, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, ვისაც წილი მიუძღვის ცილისწამებასა და შეურაცხყოფაში ჩვენი ტრადიციისა, დასჯილი იყოს კანონის შესაბამისად". – ამბობს ლევან ვასაძე. 


5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.  

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, 6 ივნისს დაწერა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის 6 აღსაზრდელს შეხვდა, რომლებიც ალტერნატიულ ზრუნვაში საკუთარი ნებით გადავიდნენ და თქვა, რომ აღსაზრდელებმა გაიხსენეს ფიზიკური დასჯისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები. 

საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცელა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.


4 ივნისს სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვანების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევის განგრძობად ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

 4 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრო პანსიონატში შევიდა და რამდენიმე არასრულწლოვანი გამოკითხა. უწყების განცხადებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები "უწყვეტ რეჟიმში" მიმდინარეობს. შსს მედიას მიმართავს, თუ აქვთ საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

 

კომენტარები