პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

დროა პროკურატურას: დაიწყეთ გამოძიება შუქრუთელ ქალზე შესაძლო შანტაჟის ფაქტზე

ვერა კუპატაძე
Mariam Nikuradze/OC Media.

პოლიტიკური მოძრაობა დროა შუქურთის აქციის და ერთ-ერთი მონაწილის შანტაჟის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

შუქრუთელების აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ვერა კუპატაძე ამბობს, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებოდნენ. 

დროა აცხადებს, რომ "ბოლო პერიოდში ყოველგვარ კრიტიკას სცდება სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი მოქალაქეების და მათი გასაჭირის სრული უგულებელყოფა" და სახელმწიფო ინსტიტუტები სრულიად დისფუნქციურია

დროა ითხოვს:

  • საქართველოს მთავარი პროკურატურისგან, დაიწყოს გამოძიება ფარული ჩანაწერებით შანტაჟის შესაძლო ფაქტზე.
  • საქართველოს მთავრობისგან, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოქმედება, რათა პროტესტს არ შეეწიროს ადამიანების ჯანმრთელობა.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებიც 20 დღეზე მეტია, პირამოკერილები შიმშილობენ, საპროტესტო აქცია თბილისში, აშშ-ს საელჩოსთანაც გამართეს

მოშიმშილეები ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზის მიერ ჩატარებული სამუშაოების გამო მათი საცხოვრებელი სახლები დანგრევის პირასაა, კომპანია კი ზიანის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს. 

20 მაისს ჯორჯიან მანგანეზმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ "მზად არის, სოფელ შუქრუთის რამდენიმე გაფიცული მოსახლის მოთხოვნა საცხოვრებელი სახლების შეფასების პროცესში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ჩართულობასთან დაკავშირებით დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება გადავა სამართლებრივ სივრცეში და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას გადაწყვეტს მართლმსაჯულება".

შუქრუთის მოსახლეობამ აქციები 2019 წელს დაიწყეს და მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც შპს ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლები მათ კომპენსაციის გადახდას შეჰპირდნენ. 

ამის შემდეგ პროტესტი 2020 წელს განახლდა და საქმეში სახალხო დამცველიც ჩაერთო, რომელმაც ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობისა და მოსახლეობის დახმარებისკენ მოუწოდა. 

2 ივნისს, შუქრუთელების აქციას აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შუქრუთელები თავს კარგად გრძნობდნენ და მათი პრობლემები გადაიჭრას.

კომენტარები