შუქრუთი

"ჩვენი ხმა არავის ესმის" - შუქრუთის მოშიმშილეები აშშ-ს საელჩოსთან აქციას მართავენ

ფოტო ვიდეოდან/მთავარი არხი

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებიც უკვე 20 დღეა პირამოკერილები შიმშილობენ, საპროტესტო აქციას თბილისში, აშშ-ს საელჩოსთან მართავენ. 

მოშიმშილეები ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზის მიერ ჩატარებული სამუშაოების გამო მათი საცხოვრებელი სახლები დანგრევის პირასაა, კომპანია კი ზიანის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს. 

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას პასუხისმგებლობის აღებას, ხოლო ამერიკის ელჩს ჩართულობას სთხოვენ. 

"2019 წლიდან დღემდე, სამწუხაროდ, უშედეგოდ ვითხოვთ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობას. სამწუხაროდ, ჩვენი ხმა არავის ესმის, ჩვენი ბედ-იღბალი არავის აინტერესებს. მხოლოდ მაშინ ვახსენდებით, როცა საარჩევნო კამპანიაა და ჩვენი ხმები სჭირდებათ".- ამბობს აქციის მონაწილე სოფელ შუქრუთიდან

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საელჩოსთან იქამდე გააგრძელებენ პროტესტს, სანამ მათ ვინმე არ შეხვდება. 

20 მაისს ჯორჯიან მანგანეზმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ "მზად არის, სოფელ შუქრუთის რამდენიმე გაფიცული მოსახლის მოთხოვნა საცხოვრებელი სახლების შეფასების პროცესში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ჩართულობასთან დაკავშირებით დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება გადავა სამართლებრივ სივრცეში და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას გადაწყვეტს მართლმსაჯულება".

შუქრუთის მოსახლეობამ აქციები 2019 წელს დაიწყეს და მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც შპს ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლები მათ კომპენსაციის გადახდას შეჰპირდნენ. 

ამის შემდეგ პროტესტი 2020 წელს განახლდა და საქმეში სახალხო დამცველიც ჩაერთო, რომელმაც ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობისა და მოსახლეობის დახმარებისკენ მოუწოდა. 

კომენტარები