პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

შუქრუთელი პირამოკერილი ქალი: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დამემუქრნენ

ვერა კუპატაძე
Mariam Nikuradze/OC Media.

შუქრუთელების აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ვერა კუპატაძე ამბობს, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებოდნენ. 

კუპატაძე ამბობს,  რომ 24 მაისს, პირის ამოკერვიდან მეორე დღეს დაურეკეს და დაემუქრნენ.  მისივე თქმით, პოლიციას დაუყოვნებლივ მიმართა, თუმცა გამოძიებისგან პასუხი დღემდე არ მიუღია. 

"არ ვიცი, ვინ იყო, მაგრამ, სატელეფონო საუბარი მას შემდეგ განხორციელდა, რაც პირი ამოვიკერე, ზუსტად მეორე დღეს მემუქრებოდნენ ჩემი ოჯახის წევრის პირადი, ბილწი რაღაცებით. მეუბნებოდნენ, რომ სიცრუეში დგახარ, ტყუილში დგახარ.

ნუ დგახარ მანდ, მე შენი შვილის მეგობარი ვარ, შენთვის კარგი მინდა, ვიცი, რომ მზადდება დოკუმენტაცია შენი ოჯახის წევრზეო, გასაჯაროვდებაო და არ მინდა, ასეთ ტალახში გაისვაროს შენი ოჯახიო". – ამბობს შუქრუთელი აქციის მონაწილე. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებიც 20 დღეზე მეტია, პირამოკერილები შიმშილობენ, საპროტესტო აქცია თბილისში, აშშ-ს საელჩოსთანაც გამართეს

მოშიმშილეები ამბობენ, რომ ჯორჯიან მანგანეზის მიერ ჩატარებული სამუშაოების გამო მათი საცხოვრებელი სახლები დანგრევის პირასაა, კომპანია კი ზიანის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს. 

20 მაისს ჯორჯიან მანგანეზმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ "მზად არის, სოფელ შუქრუთის რამდენიმე გაფიცული მოსახლის მოთხოვნა საცხოვრებელი სახლების შეფასების პროცესში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ჩართულობასთან დაკავშირებით დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ მოსახლეებთან ზიანის ანაზღაურების თაობაზე ჩიხში შესული მოლაპარაკება გადავა სამართლებრივ სივრცეში და წარმოქმნილ შეუთანხმებლობას გადაწყვეტს მართლმსაჯულება".

შუქრუთის მოსახლეობამ აქციები 2019 წელს დაიწყეს და მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც შპს ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლები მათ კომპენსაციის გადახდას შეჰპირდნენ. 

ამის შემდეგ პროტესტი 2020 წელს განახლდა და საქმეში სახალხო დამცველიც ჩაერთო, რომელმაც ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობისა და მოსახლეობის დახმარებისკენ მოუწოდა. 

 

 

კომენტარები