ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

მეუფე სპირიდონი: წმინდა ნინოს ბავშვთა სახლში 150-მდე ბავშვია

მეუფე სპირიდონი

სხალთელი მიტროპოლიტის, სპირიდონის თქმით, ნინოწმინდის პანსიონში 150-მდე ბავშვია. ამის შესახებ მეუფე სპირიდონმა ერთსულოვნებასთან ინტერვიუში თქვა.

"წმინდა ნინოს ბავშვთა სახლი დიდ შეტევებს განიცდის. ბევრი ბავშვი იზრდება აქ. 100-ზე მეტი ბავშვი იყო, ახლა 150-მდე". – ამბობს ის. 

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებებში ვკითხულობდით, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, მათი ინფორმაციით, 56 არასრულწლოვანი ცხოვრობდა.  

გუშინ, 1-ელ ივნისს ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ პანსიონთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიებები მხოლოდ ძალადობრივ დანაშაულებს არ ეხება  და საუბარი უფრო მძიმე დანაშაულებზეც არის. 

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - "რა ხდება ნინოწმინდის პანსიონატში?" აქციის მონაწილეებმა  ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის შესვლის მოთხოვნით პეტიციაც შექმნეს

19 მაისს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს. 

მანამდე, ომბუდსმენის რწმუნებულებს მონიტორინგის ჩატარების უფლება 15 აპრილს არ მისცეს და მიზეზად თავდაპირველადაც მეუფე სპირიდონის მითითებას ასახელებდნენ. საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისიუფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

 

კომენტარები