ნამახვანჰესი

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

ნამახვანჰესი
კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ გუმათში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე ერთ-ერთი აქტივისტი დააკავეს. 

"მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ საყულიაში, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1992 წელს დაბადებული ი. მ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს". – ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ში აცხადებენ, რომ ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ, კანონმდებლობის შესაბამისად, იძულების ღონისძიება გამოიყენა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები