ნინოწმინდის პანსიონი

"რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?" – ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა

"რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?" – ამ დასახელებით ქუთაისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა, რომლის ავტორიც აქტივისტი აკაკი საღინაძეა.

მისი თქმით, პერფორმანსით მას სურს, რომ საზოგადოებას მოუწოდოს, უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ ამ საკითხს და ზოგადად, ბავშვთა უფლებებს.

"რკინის გალია არის სიმბოლო ნინოწმინდის  პანსიონის, ხოლო მასში გამოკეტილი სათამაშოები არიან ის ბავშვები, რომელთა ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს ერთის მხრივ მეუფე სპირიდონე, მეორე მხრივ კი საქართველოს სახელმწიფო, რომელიც არ აღასრულებს სამართლიანობას და დღემდე არ ვიცით, რა მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება ბავშვებს". – გვიყვება აკაკი საღინაძე.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საპროტესტო აქცია დღეს, პირველ ივნისს, 18:00-ზე, მთავრობის კანცელარიასთანაც გაიმართება


15 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ. ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა.   

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისიუფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა.

19 მაისს სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს.

კომენტარები