ნინოწმინდის პანსიონი

UNHR: საქართველომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები ძალადობისგან ვერ დაიცვა

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მართულ ნინოწმინდის პანსიონში სახელმწიფომ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება და ვერ დაიცვა ბავშვები ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, რითაც, ქვეყანამ ბავშვთა უფლებების დაცვაზე აღებული ვალდებულებები დაარღვია.

კომიტეტმა გადაწყვეტილება დღეს, 27 ივნისს, ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები 57 ბავშვის სახელით შეტანილი საჩივრის განხილვის შემდეგ მიიღო.

"საჩივრის განხილვის შემდეგ, კომიტეტმა დაადგინა, რომ ბავშვთა უფლებათა კონვენციით აღებული პასუხისმგებლობების დარღვევით, საქართველომ ძალადობისა და სასტიკი მოპყრობისგან ვერ დაიცვა ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ბავშვთა სკოლა-ინტერნატის ბავშვები, რომლებიც მოკლებული იყვნენ ოჯახურ გარემოს, ზოგიერთ მათგანს კი შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა.

კომიტეტმა მოსთხოვა საქართველოს, უზრუნველყოს დაზარალებული ბავშვების ეფექტური რეპარაცია, მათ შორის ადეკვატური კომპენსაცია და რეაბილიტაცია, საჯარო ბოდიშის მოხდა, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფთა ხელახალი შეფასება, პასუხისმგებელი პირების მიმართ დამოუკიდებელი გამოძიების წარმოება და მათი დევნა". - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

"ბავშვებს, რომლებიც მოკლებულნი არიან ოჯახურ გარემოს, უფლება აქვთ მიიღონ სპეციალური დაცვა და დახმარება სახელმწიფოსგან, რომელიც მათი მეურვეა". - თქვა კომიტეტის წევრმა ბენუა ვან კირსბილკმა და დასძინა, რომ ბავშვთა სახლისა და მსგავსი დაწესებულებების დახურულ კარს მიღმა მომხდარზე საქართველოს მთავრობაა პასუხისმგებელი.


ნინოწმინდის პანსიონში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე სახალხო დამცველი პირველად 2015 წლის ანგარიშში წერდა. მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ პანსიონში ხშირი იყო ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები. მიუხედავად ამისა, "საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ" საქართველოს კანონის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ, 2016 წელს დაწესებულებას ლიცენზია მაინც მიენიჭა.

სახალხო დამცველის ოფისმა 2018 წელს გამოაქვეყნა შემდგომი ანგარიში, რომელშიც საუბარი იყო ბავშვთა სახლში არსებულ სისტემურ პრობლემებზე და ბავშვებზე ზრუნვის ზედამხედველობისა და გაუმჯობესების გადაუდებელ აუცილებლობაზე. 2020 წლის ივნისიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატს არაერთხელ ეთქვა უარი ბავშვთა სახლში შესვლაზე.

2021 წელს პანსიონში ძალადობაზე ინფორმაცია სწორედ მას შემდეგ გავრცელდა, რაც სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას პანსიონის ხელმძღვანელის, სხალთელი მიტროპოლიტი სპირიდონის დავალებით, 2021 წლის 15 აპრილს დაწესებულებაში მონიტორინგის ჩატარების უფლება არ მისცეს. პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები მედიასთან საუბრობდნენ, თუ რა დასჯის მეთოდები არსებობდა პანსიონში, ვინ აღასრულებდა მათ და როგორ ექცეოდნენ აღმზრდელები განსხვავებული კანის ფერის და გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვებს.

საპასუხოდ, 2021 წლის 7 მაისს გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება. გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიმართვის საფუძველზე გამოსცა. 

ნინოწმინდის ბავშვთა სახლში 2021 წლის გაზაფხულზე განვითარებული მოვლენების შემდეგ მეუფე სპირიდონის ნაცვლად პანსიონის ხელმძღვანელად ბავშვებზე ძალადობის გამმართლებელი მეუფე იაკობი დაინიშნა. მანამდე, 5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა.

კომენტარები